-
1
ელიფ. ლამ. რა. ესენია აიათები წიგნისა და ცხადი ყურანისა.
-
2
ვინძლო ინდომონ, რომელთაც უარყვეს, ნეტა მუსლიმნი ვყოფილიყავითო!
-
3
თავი ანებე მაგათ. მიირთვან და დასტკბენ და შეექცნენ იმედს. სულ მალე შეიტყობენ!
-
4
და არ დაგვიღუპავს არც ერთი სოფელი, რომ არ ყოფილიყო მასთან ცხადი წიგნი.
-
5
ვერც ერთი ერი ვერ დააჩქარებს მისთვის დანიშნულ დროს და ვერც გადაავადებს მას!
-
6
და უთხრეს : ,,ჰეი შენ, რომელსაც ზეგარდმოგევლინა შეგონება ! უეჭველად, შეშლილი ხარ!
-
7
ნუთუ არ იყო საჭირო ჩვენთან ანგელოზები მოგეყვანა, თუკი ხარ სიმართლისმთქმელი?
-
8
ჩვენ არ გარდმოვავლენთ ანგელოზებს, თუ არა ჭეშმარიტებით და მაშინ მათ არ გადაუვადდებათ.
-
9
უეჭველად, ჩვენ გარდმოვავლინეთ შეხსენება და უეჭველად, ჩვენ დამცველნი ვართ მისი .
-
10
და ვფიცავ! წარვგზავნეთ ჩვენ შენამდეც წინა ერებთან.
-
11
და არ მოსულა მათთან არც ერთი შუამავალი, რომ მათ არ დაეცინათ მისთვის.
-
12
აი, ასე ჩავუგდებთ მას ცოდვილთა გულებში.
-
13
არ ირწმუნებენ მას , არადა უკვე განვლო უწინდელთა მაგალითმა.
-
14
და რომც გაგვეხსნა მათ ზემოთ კარიბჭე ცისა და იქიდან რომ ამაღლებულიყვნენ,მაინც
-
15
უთუოდ, იტყოდნენ: „მხოლოდ მზერა დაგვიბინდეს, და ჩვენ, დიახაც, მოჯადოებული ხალხი ვართ!“
-
16
და ვფიცავ, ორბიტები დავადგინეთ ზეცაში და ჩვენ შევამკეთ იგი შემხედვართათვის!
-
17
და ჩვენ დავიცავით იგი, ყოველი ჩაქოლილი ეშმაკისგან!
-
18
თუმცა ვინც შეპარვით მიაყურადებს, მაშინ დაედევნება მას ცეცხლის მასა ხილული!
-
19
და ჩვენ განვავრცეთ იგი დედამიწა, დავდეთ მასზე ურყევი მთები, და აღმოვაცენეთ მასზე ყოველივე თანაზომიერად!
-
20
და ჩვენ დავადგინეთ იქ საარსებო თქვენთვის და იმისთვის, ვისაც თქვენ არ კვებავთ!
-
21
არაფერი არსებობს, რომ არ იყოს ჩვენთან მისი საცავნი, და არ გარდმოვავლენთ მას, თუ არა განსაზღვრული რაოდენობით.
-
22
და ჩვენ წარმოვგზავნეთ ქარები დატვირთული . ამგვარად ზეციდან ზეგარდმოვავლინეთ წყალი და ჩვენ დაგარწყულეთ ამით, და ვერ შეძლებთ მის საცავეებში დაგუბებას!
-
23
და, უეჭველად, ჩვენ ვაძლევთ სიცოცხლეს და ჩვენ ვაკვდინებთ, და ბოლოს ყველაფერი ჩვენ დაგრვჩება!
-
24
და ვფიცავ, ჩვენ ვიცით ისინი, რომელნიც თქვენ უწინ იყვნენ. და ვფიცავ, ჩვენ ვიცით ისინი, რომელნიც იქნებიან შემდგომ!
-
25
და უეჭველად, იგი, ღმერთი შენი შეკრებს მათ. უეჭველად, იგი ბრძენია, ყოვლისმცოდნეა!
-
26
და ვფიცავ, ჩვენ ადამიანი გავაჩინეთ მშრალი, შავი დამყოლი ტალახისგან!
-
27
და ჩვენ ჯინები გავაჩინეთ მანამდე უკვამლო ცეცხლისგან!
-
28
და აკი, უთხრა შენმა ღმერთმა ანგელოზებს: „უეჭველად, მე უნდა გავაჩინო ადამიანი მშრალი, შავი დამყოლი ტალახისგან!“
-
29
და როცა მივცემ სახეს და შთავბერავ მას ჩემი სულიდან, მაშინვე მუხლმოყრილნი განერთხეთ მიწაზე მისთვის!
-
30
ამგვარად, ერთიანად ყველა ანგელოზმა სეჯდე აღასრულა.
-
31
გარდა იბლისისა , უარი თქვა, რომ ყოფილიყო მუხლმოყრილებთან ერთად.
-
32
უთხრა : „ჰეი, იბლის! რა გემართება შენ , რომ არ იქმენი მუხლმოყრილებთან ერთად?“
-
33
მიუგო „მე ვერ აღვასრულებ სეჯდეს ადამიანის წინაშე, რომელიც შენ მშრალი, შავი დამყოლი ტალახისგან გააჩინე.“
-
34
უთხრა : „თუკი ასეა, ახლავე გადი აქედან ! უეჭველად, შენ ამიერიდან განდევნილი ხარ!“
-
35
და, უეჭველად, წყევლა შენდამი ანგარიშსწორების დღემდეა!
-
36
უთხრა: „ღმერთო ჩემო, მაშ, დრო გადამიწიე აღდგენის დღემდე!“
-
37
უთხრა: „უეჭველად, დროგადაწეულთაგანი ხარ,
-
38
იმ დღემდე, რომლის ვადაც დადგენილია!“
-
39
უთხრა: „ღმერთო ჩემო! იმისთვის რომ მაცდუნე, უთუოდ შევალამაზებ მათთვის დედამიწას და უთუოდ ვაცდუნებ ერთიანად,
-
40
გარდა შენი მსახურნისა, რომელნიც გულწრფელნი არიან მათგან.“
-
41
უთხრა : „ესაა გზა, ჭეშმარიტად, მომართული ჩემსკენ.
-
42
უეჭველად, შენ არ შეგწევს მეუფება ჩემს მსახურებზე , გარდა ზღვარგადასულნისა , ვინც გამოგყვება შენ!“
-
43
და, უეჭველად, ჯოჯოხეთი აღთქმული ადგილია ყოველივე მათგანისთვის.
-
44
მას აქვს შვიდი კარი. და თითოეული კარისთვის მათგან განსაზღვრული ჯგუფია.
-
45
ღვთისმოშიშნი კი, უეჭველად, ბაღებში და წყაროებში იქნებიან.
-
46
შედით იქ მშვიდობით, უსაფრთხოებაში!
-
47
და ჩვენ ამოვხადეთ მათ გულებიდან, რაც რამ სიძულვილი ჰქონდათ და როგორც ძმანი, ერთმანეთის პირისპირ წამოწვებიან სარეცელებზე.
-
48
არ იგრძნობენ ისინი იქ დაღლას და არ იქნებიან იქიდან გამოძევებულნი!
-
49
ამცნე ჩემს მსახურთ , უეჭველად, მე ვარ შემნდობი, მწყალობელი!
-
50
და, უეჭველად, ჩემი სასჯელი მწარე სასჯელია!
-
51
და უამბე მათ იბრაჰიმის სტუმრების შესახებ.
-
52
აკი, შევიდნენ მასთან და უთხრეს: „მშიდობა შენდა!“ უთხრა : „უეჭველად, ჩვენ თქვენგან გვეშინია!“
-
53
მიუგეს: „ნუ გეშინიათ! უეჭველად, ჩვენ გახარებთ შენ გონიერ ძეს.“
-
54
უთხრა: ნუთუ თქვენ მახარებთ მე მაშინ, როცა სიბერე მეწია? მაშ, რას მახარებთ თქვენ?
-
55
მიუგეს: „შენ გახარეთ ჭეშმარიტებით და ნუ იქნები იმედგადაწურულთაგანი!“
-
56
უთხრა: „და ვინ დაკარგავს თავისი ღმერთის წყალობის იმედს, თუ არა გზააბნეულნი .“
-
57
უთხრა: „(გარდა ამისა, სხვა) რა გაქვთ დავალებულნი, ჰეი, შუამავალნო?“
-
58
მიუგეს: „უეჭველად, ჩვენ ცოდვილ ხალხთან ვართ წარმოგზავნილნი.
-
59
გარდა ლუტის ოჯახის, უეჭველად, ჩვენ გადავარჩენთ მათ ყველას,
-
60
გარდა მისი ცოლისა. ჩვენ აუცილებლად მივიჩნიეთ, რომ, უეჭველად, იგი ჩამორჩენილთაგანი ყოფილიყო .
-
61
მაშინ, როცა წარმოგზავნილები მივიდნენ ლუტის ოჯახთან,
-
62
უთხრა მან: „უეჭველად, თქვენ უცნობი ხალხი ხართ.“
-
63
მიუგეს: „დიახაც ჩვენ მოგიტანეთ შენ იგი, რაშიც მათ ეჭვი ეპარებოდათ.
-
64
და ჩვენ მოგიტანეთ შენ ჭეშმარიტება, და, უეჭველად, ჩვენ სიმართლის მთქმელნი ვართ.
-
65
დაუგვიანებლად გზას დააყენე ოჯახი შენი ღამეში და უკან გაჰყევი შენც. და არ მოიხედოთ უკან თქვენგან არც ერთმა. და წადით იქით, საითაც ნაბრძანები გაქვთ!“
-
66
და ჩვენ ვაცნობეთ მას აი ეს ბრძანება. უეჭველად, გათენებამდე მაგათი ფესვი ამოძირკვული იქნება!
-
67
და მოვიდნენ ქალაქის მკვიდრნი გახარებულნი.
-
68
უთხრა : „უეჭველად, ესენი ჩემი სტუმრები არიან და ნუ შემარცხვენთ!
-
69
გეშინოდეთ ალლაჰისა და ნუ დამამცირებთ მე!“
-
70
მიუგეს: „განა, არ აგიკრძალეთ შენ სხვის საქმეში ჩარევა?“
-
71
უთხრა: „აი ესენი, ჩემი ქალიშვილები, თუკი გამკეთებელნი ხართ “.
-
72
შენს სიცოცხლეს ვფიცავ , უეჭველად, ისინი სიმთვრალეში დაძრწოდნენ!
-
73
ამგვარად, მზის ამოსვლისას საშინელმა ხმამ შეიპყრო ეგენი.
-
74
ამგვარად, ამოვატრიალეთ ქალაქი თავდაყირა და მათზე გამომწვარი თიხის ქვები გავაწვიმეთ.
-
75
უეჭველად, ამაში სასწაულებია იმათთვის, ვისაც დანახვა და შესმენა შეუძლია!
-
76
და უეჭველად, იგი გზაგასაყარზეა .
-
77
უეჭველად, ამაში სასწაულია მორწმუნეთათვის!
-
78
ეიქეს მკვიდრნიც, დიახაც, უსამართლონი იყვნენ.
-
79
ამიტომაც ვაწიეთ მათ დამსახურებული სასჯელი. და უეჭველად, ორივე აშკარა გზამკვლევარია!
-
80
ვფიცავ, რომ ჰიჯრის მკვიდრთაც ცრუდ შერაცხეს შუამავალნი!
-
81
და მათ ჩვენ ვუბოძეთ ჩვენი სასწაულნი, მაგრამ მათ მისგან სახე იბრუნეს.
-
82
და კვეთავდნენ მთებში უსაფრთხო სახლებს.
-
83
ამგვარად, შეიპყრო ეგენი განთიადისას საშინელმა ხმამ.
-
84
თუმცაღა მაგათ არ გამოადგათ, რასაც იხვეჭდნენ .
-
85
და არ გაგვიჩენია ჩვენ ცანი და დედამიწა და რაც მათ შორისაა, თუ არა ჭეშმარიტებისთვის. და უეჭველად, ის საათი უთუოდ დადგება. მაშ, შენ სიკეთით, ლმობიერებით მოეპყარი!
-
86
უეჭველად, შენი ღმერთი გამჩენია, ყოვლისმცოდნეა!
-
87
და ვფიცავ, შენ გიბოძეთ „შვიდი განმეორებადი“ და დიდებული ყურანი!
-
88
და არ დაადგა თვალნი შენი რა სიკეთეც ვუბოძეთ მათ წყვილწყვილად. და არ იდარდო მათზე . და გადააფარე შენი ფრთები მორწმუნეებს!
-
89
და თქვი: „უეჭველად, მე ცხადი შემგონებელი ვარ!“
-
90
როგორც ჩვენ მოვავლინეთ გამნაწილებლებსა ზედა,
-
91
რომელთაც ყურანის ნაწილი ირწმუნეს და ნაწილი უარყვეს.
-
92
ვფიცავ შენს ღმერთს, უთუოდ ყველას მოვკითხავთ მაგათ
-
93
იმისთვის, რაც ჩაუდენიათ!
-
94
ამცნე, რაც გებრძანა და პირი იბრუნე წარმართებისგან!
-
95
უეჭველად, ჩვენ შენდამი გამქილიკებელთ ჭკუას ვასწავლით!
-
96
რომელთაც დაიდგინეს ალლაჰის ერთად სხვა ღვთაება, სულ მალე შეიტყობენ!...
-
97
და ვფიცავ, ვიცით, რომ შენ გული გეკუმშება იმის გამო, რასაც ეგენი ამბობენ.
-
98
მაშ, ადიდე ღმერთი შენი და იყავ სეჯდეს შემსრულებელთაგანი!
-
99
თაყვანი ეცი შენს ღმერთს, ვიდრე არ აღესრულები!