-
1
ჰეი, ადამიანებო! გეშინოდეთ თქვენი ღმერთის, რომელმაც გაგაჩინათ თქვენ ერთი სულისგან , და გააჩინა მისგან მეწყვილე (მეუღლე) მისი, და მათ ორისგან გაამრავლა უამრავი კაცი და ქალი. გეშინოდეთ ალლაჰის, რომლის სახელითაც მიმართავთ ერთმანეთს, და გეშინოდეთ ნათესაური კავშირების გაწყვეტისა.უეჭველად, ალლაჰი ზედამხედველია თქვენი!
-
2
მიეცით ობლებს მათი ქონება და ნუ გაცვლით ცუდს კარგში . და ნუ გალევთ მათ ქონებას თქვენს ქონებასთან ერთად. უეჭველად, ეს შეცოდებაა დიდი!
-
3
და თუ შიშობთ, რომ სამართლიანად ვერ მოექცევით ობლებს , დაქორწინდით სხვა ქალთაგან იმათზე, ვინც მოგწონთ - ორზე, სამზე, ოთხზე. მაგრამ თუ გეშინიათ, რომ ვერ გაატარებთ მათ შორისაც სამართალს, იქორწინეთ ერთზე ან ვინც თქვენს ხელთ ქვეშ გყავთ . სწორედ, ესაა უფრო ახლოს იმასთან, რომ ზღვარს არ გადახვიდეთ.
-
4
და კეთილშობილურად მიეცით ქალებს ურვადი . ხოლო თუ ისინი თავიანთი სურვილით დაგითმობენ იქიდან (ურვადიდან) რამეს, მოიხმარეთ შერგებულად, ტკბილად.
-
5
და არ მისცეთ ვისაც არ ძალუძს განკარგვა მათი ქონების, რომელიც ალლაჰმა სამეურვეოდ განგიწესათ თქვენ . გამოკვებეთ და შემოსეთ ამით და უთხარით მათ სიტყვა წესისამებრ .
-
6
და გამოსცადეთ ობლები, სანამ საქორწინო ასაკს მიაღწევენ, თუ გონებრივ ზრდასრულობას შეამჩნევთ მათში, ჩააბარეთ მათ ქონება. და არ ხარჯოთ ის უზომოდ და აჩქარებით, სანამ არ დაიზრდებიან. და ვინც მდიდარია, თავი შეიკავოს, და ვინც ღარიბია, მოიხმაროს ზომიერად. ბოლოს, როცა ქონებას უბრუნებთ უკან, დაისწარით მათ წინაშე მოწმენი. და ალლაჰი კმარა ანგარიშგამომკითხველად!
-
7
კაცებს წილი იქიდან, რაც მშობლებმა და ნათესავებმა დაუტოვეს. და ქალებს წილი იქიდან, რაც მშობლებმა და ნათესავებმა დაუტოვეს. ცოტა თუ ბევრი წილი დადგენილია .
-
8
და თუ ქონების გაყოფისას ესწრებიან ნათესავები , ობლები, უპოვრები, მათაც უწილადეთ იქიდან და უთხარით კეთილი სიტყვა.
-
9
რომელნიც სწუხან იმის გამო, რომ შეიძლება შემდგომ თავად მოუწიოთ სუსტი შთამომავლობის დატოვება, გაუფრთხილდნენ (ხელი არ ჰყონ ობლის უფლებას)! მაშ, ეშინოდეთ ალლაჰისა და სამართლიანი სიტყვა თქვან!
-
10
უეჭველად, რომელნიც ობლების ქონებას ჭამენ უსამართლოდ, მხოლოდ ცეცხლსა ჭამენ თავიანთ მუცლებში და სულ მალე შენთებული იქნებიან აალებულ ცეცხლში (ჯოჯოხეთში)!
-
11
გიწესებთ ალლაჰი თქვენი შვილებისთვის (სამკვიდროს): ვაჟს წილი, ტოლი ორი გოგოს წილისა. თუკი გოგოშვილები არიან ორზე მეტი, მაშინ მათ ორი მესამედი იმისა, რაც დაუტოვა; თუ მხოლოდ ერთია (გოგოშვილი), მაშინ ნახევარი მემკვიდრეობისა. (გარდაცვლილის) მშობლებს კი თითოეულს ერთი მეექვსედი იმისა, რაც დატოვა, თუ მას ჰყავს შვილი. და თუ შვილი არ ჰყავს და მისი მემკვიდრე მშობლები არიან, მაშინ დედას ერთი მესამედი ქონებისა. თუ ჰყავს ძმები, მაშინ დედას ერთი მეექვსედი, ანდერძით დანაბარების გამოკლებით და ვალების გასტუმრების შემდეგ. თქვენ არ იცით მათგან რომელნი უფრო სარგებლიანნი არიან თქვენთვის, თქვენი მშობლები თუ შვილები თქვენი, ეს ალლაჰისგანაა დადგენილი. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, ბრძენია!
-
12
თქვენ ნახევარი იმისა, რაც დაგიტოვეს თქვენმა ცოლებმა, თუ მათ არ ჰყავთ შვილები . და თუ ჰყავთ შვილი, მაშინ თქვენ მემკვიდრეობის მეოთხედი ანდერძით დანაბარების გამოკლებით და ვალების გასტუმრების შემდეგ. და მათ (თქვენს ქვრივებს) მეოთხედი იმისა, რასაც თქვენ ტოვებთ, თუკი შვილი არ გყავთ; და თუ გყავთ შვილი, მაშინ მათ (თქვენს ქვრივებს) რაც დატოვეთ, იმის (მემკვიდრეობის) მერვედი ანდერძით დანაბარების გამოკლებით და ვალების გასტუმრების შემდეგ. და თუ კაცი ან ქალი ისე ტოვებს (ქონებას), რომ არ ჰყავს პირდაპირი მემკვიდრენი და ჰყავს ძმა ან და, მაშინ თითოეულს მეექვსედი; და თუ ამაზე მეტნი არიან, მაშინ იყვნენ თანაზიარნი ერთ მესამედში ანდერძით დანაბარების გამოკლებით და ვალების გასტუმრების შემდეგ, ერთმანეთისთვის ზარალის მიუყენებლად. ეს სავალდებულოა ალლაჰისგან. და ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, შემწყნარებელია.
-
13
ესაა ალლაჰის საზღვრები . და ვინც მორჩილებს ალლაჰს და მის შუამავალს, შეიყვანს იმას სამოთხეში, სადაც ძირს მდინარეები მოედინება, იქ დარჩებიან სამუდამოდ, და ესაა უდიდესი ნეტარება!
-
14
ვინც აღუდგება ალლაჰსა და მის შუამავალს, და გადავა მის (ალლაჰის) საზღვრებს, მას იგი შეიყვანს ცეცხლში, სადაც სამუდამოდ დარჩება და მისთვისაა სასჯელი დამამცირებელი!
-
15
და რომელთაც იმრუშონ თქვენი ქალებიდან, მოწმენი წარადგინეთ თქვენგან ოთხი მათ წინაშე და თუ ისინი დაამოწმებენ, ჩაკეტეთ ცოლები სახლში, სანამ სიკვდილი არ წაიყვანს მათ ან სანამ ალლაჰი სხვა გზას არ დაადგენს!
-
16
და თქვენგან ის ორი, ვინც ამას (მრუშობას) ჩაიდენს, დასაჯეთ. თუ მოინანიებენ და გამოასწორებენ (თავიანთ საქმეს), თავი დაანებეთ. უეჭველად, ალლაჰი შემნდობია (ვინც მოინანიებს), მწყალობელია.
-
17
ალლაჰის წინაშე მიღებული მიტევება მხოლოდ იმათთვისაა, ვინც უმეცრებით უკეთურობას სჩადის და მერე მაშინვე ინანიებს, სწორედ ასეთებს შეუნდობს ალლაჰი. ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, ბრძენია!
-
18
და არ არის შენდობა მათთვის, რომელნიც სჩადიან უკეთურობას, სანამ მათ სიკვდილი არ მიადგება კარზე. იტყვიან: სწორედ ახლა მოვინანიე!... და რომელნიც აღესრულებიან ურწმუნოდ, სწორედ მათთვის გავამზადეთ მტანჯველი სასჯელი.
-
19
ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ნებადართული არა გაქვთ, ძალით აიღოთ მემკვიდრეობაში ქალები . ან შეავიწროოთ იმისათვის, რომ წაართვათ, რაც მიგიციათ მათთვის, გარდა თუ არ ჩაუდენიათ მათ აშკარა მრუშობა. მოეპყარით მათ ღირსეულად. თუ თქვენ ისინი გძულთ, იქნებ გძულდეთ რამე, ალლაჰს კი დიდი სიკეთე ჩაედოს მასში!
-
20
და თუ მოიწადინებთ მეუღლეზე განქორწინებას და სანაცვლოდ სხვა ქალის შერთვას, და გქონდათ მიცემული რომელიმე მათგანზე (მიჰრი, ურვადი) თუნდაც დიდი რაოდენობით , უკან არ გამოართვათ არაფერი. ნუთუ ცილისწამებით წაართმევთ მას (ურვადს) და აშკარად შესცოდებთ?
-
21
და როგორ წაართმევთ ურვადს, როცა თქვენ უკვე შერწყმულ იყავით ერთმანეთთან და მათ თქვენგან მტკიცე პირობა მიიღეს?
-
22
და არ შეირთოთ ის ქალები, რომლებიც თქვენი მამების ცოლები იყვნენ, გარდა, როგორც წარსულში მოხდა. უეჭველად, ეგ სიბილწე და სისაძაგლე იყო. და გზა ცუდი!
-
23
აკრძალულია თქვენთვის ცოლებად თქვენი დედები, შვილები, დები, დეიდები და მამიდები, ძმისშვილები და დისშვილები და თქვენი დედები (ძიძები), ვინც ძუძუ გაწოვათ, ძუძუმტეები, თქვენი ცოლების დედები, თქვენი გერები, რომლებიც თქვენს მეურვეობის ქვეშ არიან, ვის დედებსაც ეთანაცხოვრეთ, და თუ არ გითანაცხოვრიათ მათთან, ცოდვად არ გეთვლებათ გერების ცოლად მოყვანა. გეკრძალებათ აგრეთვე თქვენი ღვიძლი შვილების ცოლები, ასევე გეკრძალებათ ერთდროულად ორი დის ცოლად შერთვა, გარდა, რაც წარსულში მოხდა. უეჭველად, ალლაჰი შემნდობია, მწყალობელია!
-
24
და გათხოვილი ქალები, გარდა ვინც თქვენმა ხელმა მოიპოვა. თანახმად ალლაჰის დადგენილისა თქვენდა, ნებადართულია სხვა ყველა , და ამის გარდა, ნებადართულია თქვენთვის ცოლად შეირთოთ სისპეტაკის დაცვით თქვენი ქონებით და არა გარყვნილებისთვის. ხოლო იმისათვის, რა სარგებელიც მიიღეთ მათგან, მიეცით საზღაური (ურვადი) დადგენილისამებრ. და ცოდვად არ გექმნეთ, თუკი მორიგდებით დადგენილის შემდეგ. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, ბრძენია.
-
25
და თუ რომელიმე თქვენგანს ძალა არ შესწევს იმისათვის, რომ შეირთოს თავისუფალი, მორწმუნე ქალები, შეირთოს წესიერი, მორწმუნე, ახალგაზრდა მხევალნი. და ალლაჰი უკეთ უწყის, რაოდენ მორწმუნენი ხართ. თქვენ ხომ ისედაც ერთმანეთის თანასწორნი ხართ. მაშ, შეირთეთ ისინი მეურვეების თანხმობით და გადაუხადეთ ურვადნი წესისამებრ. იყვნენ პატიოსანი და არა მრუშნი, არცა გახდნენ ვისიმე საყვარელი. თუ თქვენზე გათხოვების შემდეგ იქმნენ მრუშობას, სასჯელი მათი იმის ნახევარია, რაც თავისუფალი ქალებისა. ეს ნებადართულია თქვენგან იმათთვის, ვისაც შიში აქვს მრუშობის ჩადენისა. და თუ იქნებით მომთმენნი, თქვენთვისვეა უკეთესი. უეჭველად, ალლაჰი მოწყალეა, მწყალობელია!
-
26
ალლაჰს ნებავს ცხადყოს (ნებადართული და აკრძალული) თქვენთვის და დაგადგინოს თქვენ იმათ გზაზე, რომელნიც თქვენს უწინარეს იყო. და მოგიტევოთ. და ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, ბრძენია!
-
27
ალლაჰს ნებავს მოგიტევოთ თქვენ, ხოლო იმათ, რომელნიც ვნებებს არიან აყოლილნი, სურთ გადაგაცდინონ ჭეშმარიტ გზას.
-
28
ალლაჰს თქვენთვის შემსუბუქება ნებავს, რადგანაც ადამიანი გაჩენილ იქმნა სუსტი.
-
29
ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ერთმანეთს შორის უკანონოდ არ მიირთვათ თქვენი ქონება, მხოლოდ ვაჭრობა თუ იქნება ურთიერთთანხმობით. და თავი არ მოიკლათ. უეჭველად, ალლაჰი მოწყალეა თქვენდამი!
-
30
და ვინც ამას იქმს მტრობითა და უსამართლობით, მას სულ მალე შევუნთებთ ცეცხლში. და ეს იოლია ალლაჰისთვის!
-
31
თუ გაემიჯნებით მძიმე ცოდვებს , რაც გეკრძალებათ, მოგიტევებთ ჩვენ ცოდვებსა თქვენსას და ღირსეულ შესასვლელში შეგიყვანთ თქვენ!
-
32
და ნუ შეგშურდებათ ის, რითიც ალლაჰმა ზოგიერთი თქვენგანი უპირატესჰყო. ხვედრია კაცებისთვის, რაც მოიპოვეს; და ხვედრია ქალებისთვის, რაც მოიპოვეს. და ითხოვეთ ალლაჰისგან მადლი მისი, უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა.
-
33
და დავუდგინეთ ჩვენ ყველას მემკვიდრენი იმაში, რასაც ტოვებენ მშობლები და ნათესავები. ვისთანაც აღთქმა გაკავშირებთ, მიეცით წილი მათი. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმოწმეა!
-
34
ქმრები მეურვეები არიან ცოლების იმ ვითარების გამო, რომლითაც ალლაჰმა უპირატესჰყო ერთიმეორისგან, რადგან ხარჯავენ თავიანთი ქონებიდან. ხოლო პატიოსანი ქალები მორჩილნი (ერთგულნი) არიან თავიანთი ქმრების და ქმრების არყოფნის დროს ისე იცავენ იმათ უფლებებს, როგორც ალლაჰმა დაუწესათ. და რომელთა ურჩობასაც შიშობდეთ, იმ ქალებს შეაგონეთ, მერე მიატოვეთ სარეცელში და მსუბუქი ცემა აგემეთ; მაგრამ თუ მორჩილნი გახდნენ, გზას ნუღარ ეძებთ მათ წინააღმდეგ. უეჭველად, ალლაჰი უზენაესია, დიდებულია.
-
35
და თუ იგრძენით (შიშობთ), რომ ცოლ-ქმარს შორის განხეთქილებაა, წარგზავნეთ ერთი მსაჯული კაცის ოჯახიდან და ერთი ქალის ოჯახიდან. თუ სურს ორივე მხარეს მორიგება, მაშინ ალლაჰი წარმატებულს ჰყოფს მათ. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, ყველაფრისმცოდნეა!
-
36
თაყვანი ეცით ალლაჰს და არავინ თანაუზიაროთ მას. და კარგად მოეპყარით მშობლებს, ახლობლებს, ობლებს, ღატაკებს, მეზობლებს, ნათესავებსა და უცხოებს, თანამოძმეებს, მოგზაურებს და მათ, რომელნიც თქვენმა მარჯვენამ მოიპოვა. უეჭველად, ალლაჰს არ უყვარს, ვინც არიან ქედმაღალნი, მედიდურნი,
-
37
რომელნიც ძუნწობენ და ხალხსაც ძუნწობისკენ მოუწოდებენ; და მალავენ იმას, რაც ალლაჰმა უბოძა მათ თავისი წყალობისგან! ჩვენ მოვამზადეთ ურწმუნოთათვის დამამცირებელი სასჯელი!
-
38
და რომელნიც ხარჯავენ თავიანთ ქონებას ხალხის დასანახად და არ სწამთ ალლაჰი, არცა განკითხვის დღე; და ვისი ახლო მეგობარიც ეშმაკია, მათთვის ის რა ცუდი მეგობარია!...
-
39
რა ევნებოდათ მათ, რომ ეწამათ ალლაჰი და განკითხვის დღე და გაეღოთ მისგან, რაც ალლაჰმა უწილადა? ალლაჰი ხომ უკეთ უწყოდა მათ!
-
40
უეჭველად, ალლაჰი იოტისოდენადაც არავის დაჩაგრავს, და თუ რამე სიკეთე ჰქმენით, გააორმაგებს მას და თავისი წიაღიდან უდიდეს საზღაურს მოჰმადლის!
-
41
და როგორღა იქნება, როცა ჩვენ მივიყვანეთ ყოველი თემიდან თითო მოწმე და შენც მოწმედ მოგიყვანეთ ამათზე?
-
42
იმ დღეს ინატრებენ ისინი, რომელთაც არ ირწმუნეს და შუამავალს ეურჩებოდნენ, რომ მიწამ ჩაყლაპოს. და ვერ დაფარავენ ისინი ალლაჰისგან ვერც ერთ სიტყვას!
-
43
ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ მიუახლოვდეთ ლოცვას, როცა ხართ მთვრალნი, სანამ არ გააცნობიერებთ რას ამბობთ; და არც როცა უსუფთური , გზაში მყოფთა გარდა, სანამ არ განიბანებით წესისამებრ. თუ ავად ხართ, ან მოგზაურობთ, ან თუ რომელიმე თქვენგანი საპირფარეშოში გავიდა საჭიროებისათვის, ან ქალთან გქონდათ კავშირი და ვერ ჰპოვოთ წყალი, მაშინ განიბანეთ მიწით (თეიმუმი გააკეთეთ) და წაისვით სუფთა მიწა სახეზე და ხელებზე. უეჭველად, ალლაჰი შემნდობელია, შემწყნარებელია!
-
44
განა არ გინახავს, რომელთაც ერგოთ ნაწილი წიგნისა , ეგენი გზასაცდენას ყიდულობენ და სურთ მათ ჭეშმარიტ გზას აგაცდინონ.
-
45
და ალლაჰი უკეთ უწყის თქვენს მტრებს. და ალლაჰი კმარა მფარველად და შემწედ!
-
46
ნაწილი იმათგან, რომელნიც იუდეველნი არიან ღმერთის სიტყვას თავის ადგილს უცვლიან და ამბობენ: მოვისმინეთ , მაგრამ არ ვემორჩილებით ! ისმინე გაუგონარო ! და „რაღინა “ - „მოგვხედე ჩვენ“, ამახინჯებენ თავიანთი ენით და ბღალავენ რწმენას. მაგრამ რომ ეთქვათ: „ვისმინეთ და ვემორჩილებით“, და „ისმინე და მოგვხედე ჩვენ“, უკეთესი იქნებოდა მათთვის და უფრო სწორი. მაგრამ დაწყევლა ეგენი ალლაჰმა ურწმუნოებისათვის და არ იწამებენ, გარდა მცირედისა.
-
47
ჰეი თქვენ, რომელთაც გებოძათ ღვთიური წიგნი! ირწმუნეთ ის, რაც გარდმოგივლინეთ დასტურად იმისა, რაც იყო თქვენთან მანამდე, ვიდრე წავშლიდეთ სახეებს და უკან შემოვაბრუნებდეთ; ან დავწყევლით მათ, როგორც დავწყევლეთ შაბათის ხალხი. უეჭველად, ალლაჰის ბრძანება აღსრულდა!
-
48
უეჭველად, ალლაჰი არ მიუტევებს იმას,რომ მას რაიმე ჩაუზიარონ და მიუტევებს ამის გარდა ყველაფერს, ვისაც ინებებს. და ვინც ალლაჰს თანაზიარს გაუჩენს, მაშინ უდიდეს ცოდვას სჩადის!
-
49
განა არ გინახავს, რომელნიც საკუთარ თავს განწმენდილად თვლიან ? არამც და არამც! ალლაჰი განწმენდს, ვისაც ინებებს. და არ დაიჩაგრებიან, ხურმის კურკის ღარში აპკი რომ არის, იმდონემდეც კი!
-
50
შეხედე (გაოცებით), როგორ იგონებენ ალლაჰის წინააღმდეგ სიცრუეს! და კმარა იგი ცხად ცოდვად!
-
51
განა არ გინახავს, რომელთაც წიგნის ნაწილი ებოძათ, მათ სწამთ „ჯიბთისა და ტაღუთის“ და ეუბნებიან მათ, ვინც არ ირწმუნა: თქვენ უფრო სწორ გზას ადგახართ, ვიდრე მორწმუნენი!
-
52
აი ისინი, რომელნიც დაწყევლა ალლაჰმა. ხოლო ალლაჰი ვისაც დაწყევლის, იმას შემწეს ვერ მოუნახავ შენ!
-
53
ან იქნებ მათ წილი აქვთ ძალაუფლებასა და ქონებაში? ასეც რომ იყოს, ისინი ხალხს ხურმის კურკის ღარის ტოლასაც კი არ მისცემენ.
-
54
ან იქნებ შურთ ხალხის იმის გამო, რაც ალლაჰმა უბოძა მათ თავისი სიკეთისგან? ჩვენ ხომ იბრაჰიმის მოდგმას წიგნი და სიბრძნე ვუბოძეთ და დიდი ძალაუფლება მოვმადლეთ მათ.
-
55
ხოლო მათგან ვინც ირწმუნა მისი (მუჰამმედისა) და ვინც პირი იბრუნა მისგან, მათ გაუსწორდება ჯოჯოხეთის აალებული ცეცხლი!
-
56
უეჭველად, რომელთაც უარყვეს ჩვენი აიათები, სულ მალე შევუნთებთ მათ ცეცხლში! ყოველ ჯერზე, როცა მათ დაეწვებათ კანი, შევუცვლით სხვა კანით, რათა იგემონ სასჯელი. უეჭველად, ალლაჰი ძლევამოსილია, ბრძენია!
-
57
ხოლო რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი, სულ მალე სამოთხეებში შევიყვანთ მათ, სადაც ძირს მდინარეები მოედინება და სადაც სამუდამოდ დამკვიდრდებიან. მათთვისაა იქ უმწიკვლო მეუღლეები. და შევიყვანთ მათ გასაგრილებლად ჩრდილში.
-
58
უეჭველად, ალლაჰი გიბრძანებთ, რომ ანაბარი უკან დაუბრუნოთ თავის პატრონებს და როცა განსჯით ადამიანთა შორის, სამართლიანად განსაჯოთ. უეჭველად, რა მშვენიერია ალლაჰის შეგონება! უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმსმენია, ყოვლისმხედველია!
-
59
ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! დაემორჩილეთ ალლაჰს და დაემორჩილეთ შუამავალს და ხელმძღვანელს თქვენ შორის . ამის შემდეგ თუ რამე სადაო გაქვთ, მიუბრუნეთ იგი ალლაჰსა და შუამავალს . თუ გწამთ ალლაჰი და დღე უკანასკნელი, ეს უკეთესია და მშვენიერი გამოსავალი ექნება მას!
-
60
განა არ გინახავს, რომელნიც ამტკიცებენ, რომ იწამეს რაც შენ გარდმოგევლინა და რაც ზეგარდმოევლინათ შენ უწინ და უნდათ ტაღუთმა განსაჯოს მათ შორის? არადა მათ ნაბრძანები აქვთ უარყონ იგი, ხოლო ეშმაკს უნდა ჭეშმარიტ გზას ააცდინოს ისინი და ღრმა გზააბნევაში ჩააგდოს.
-
61
და როცა ეტყვიან მათ: აბა მოდით, რაც ალლაჰმა ზეგარდმოავლინა და შუამავალთან ! დაინახავ, თვალთმაქცნი როგორ გაგეცლებიან შენ სახეშებრუნებულნი.
-
62
და მაშინ როგორღა იქნება, როცა თავს უბედურება დაატყდებათ იმისათვის, რაც ხელებს მათსას წაუმძღვარებია! მოდიან მერე შენთან და იფიცებიან ალლაჰზე: „მხოლოდ სიკეთე და თანხმობა გვსურდა ჩვენო!“
-
63
აი ეგენი, ალლაჰმა უწყის რა უდევთ გულებში. განერიდე მათ, და შეაგონე ისინი და სიტყვა მათ შესახებ შთამბეჭდავი უთხარი მათ!
-
64
ჩვენ არც ერთი შუამავალი არ წარმოგვიგზავნია, თუ არა იმისთვის, რომ დამორჩილებოდნენ ალლაჰის ნებით. და ეგენი როცა თავიანთ თავს ავნებდნენ, შენთან რომ მოსულიყვნენ და მიტევება ეთხოვათ ალლაჰისთვის და მიტევება შეეთხოვა (ალლაჰზე) მათთვის შუამავალს, უეჭველად, დაინახავდნენ ისინი, რომ ალლაჰი მიმტევებელია, მწყალობელია!
-
65
მაგრამ არა! შენს ღმერთს ვფიცავ! მორწმუნენი ვერ იქნებიან ისინი, ვიდრე მსაჯულად არ დაგადგენენ იმისა, რის გამოც დაობდნენ ერთმანეთში. შემდეგ კი შენს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას დაემორჩილებიან სრულად და თავიანთ თავში არ ექნებათ საჭოჭმანო.
-
66
და რომ მათთვის დაგვედგინა ჩვენ: „მოიკალით თქვენი თავი! ან გადით თქვენი სახლებიდან!“ არ გააკეთებდნენ ამას, გარდა მცირედისა მათგან. და რომ აღესრულებინათ ის, რაც შეეგონათ, მათთვისვე იქნებოდა უკეთესი და ყველაზე უფრო განამტკიცებდა მათ .
-
67
და მაშინ , უეჭველად, ჩვენ ვუბოძებდით მათ ჩვენი წიაღიდან უდიდეს საზღაურს .
-
68
და უეჭველად, დავაყენებდით მათ ჭეშმარიტ გზაზე!
-
69
და ვინც ჰმორჩილებს ალლაჰსა და მის შუამავალს , მაშინ ისინი იმათთან ერთად იქნებიან, რომელთაც სიკეთე უბოძა ალლაჰმა: შუამავალთა, მართალთა, შეჰიდებთა და ღვთისმოსავთა გვერდით. და რა მშვენიერი მოყვასნი არიან ეგენი!
-
70
ესაა სიკეთე ალლაჰისგან. და კმარა ალლაჰი ყველაფრის მცოდნედ!
-
71
ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! აისხით (აიღეთ) საომარი აღჭურვილობა (ხმალ-აბჯარი) თქვენი , და გადით საომრად ჯგუფებად ან გადით ერთობლივად!
-
72
და უეჭველად, თქვენგან , ვინც წელი აითრიოს და რომ თქვენ უბედურება დაგატყდეთ , ამბობს: ალლაჰმა წყალობა გაიღო ჩემთვის, რომ არ ვიყავი მათთან ერთად.
-
73
და თუ თქვენ სიკეთე გეწიათ ალლაჰისგან, უეჭველად, იტყვის ის , ვითომც არ იყო თქვენს შორის ნაცნობობა: ო, ნეტავ მეც ვყოფილიყავი მათ გვერდით, რომ უდიდესი წარმატება მრგებოდა წილად!
-
74
დაე, იბრძოლონ ალლაჰის გზაზე იმათ, რომელნიც ამქვეყნიური ცხოვრებით იმქვეყნიურ ცხოვრებას ყიდულობენ. და ვინც იბრძოლოს ალლაჰის გზაზე, და შემდეგ დაიღუპოს (დაეცეს) ან გაიმარჯვოს, სულ მალე ჩვენ მას ვუბოძებთ უდიდეს საზღაურს!
-
75
და რა გემართებათ თქვენ , რომ არ იბრძვით ალლაჰის გზაზე უმწეო კაცთა, ქალთა და ბავშვთა გულისათვის , რომელნიც ამბობენ : ღმერთო ჩვენო! გვიხსენი ამ დაბისგან , რომლის მკვიდრნიც სასტიკნი არიან და ჩვენ დაგვიდგინე შენი წიაღიდან მფარველი და შემწეო!
-
76
რომელთაც იწამეს, იბრძვიან ალლაჰის გზაზე; ხოლო რომელთაც უარყვეს, იბრძვიან ტაღუთის გზაზე. მაშ, შეებრძოლეთ ეშმაკის მეგობრებს , უეჭველად, უძლურია მზაკვრობა ეშმაკისა!
-
77
განა არ გინახავს, რომელთაც ებრძანათ: აიღეთ ხელები თქვენი და აღავლინეთ ლოცვა და გაეცით სავალდებულო მოწყალება! და როცა დაწესებული იქნა მათზე ბრძოლა, მათგან ნაწილს ეშინოდა ხალხის , როგორც უნდა ეშინოდეთ ალლაჰის, ან უფრო ძლიერი შიშით. და თქვეს მათ: ღმერთო ჩვენო! რატომ დაადგინე ბრძოლა ჩვენზე? განა არ შეიძლება გადაგვივადო მცირე ხნით ?! უთხარი: ამქვეყნიური ცხოვრების სიამოვნება ხანმოკლეა, საიქიო ცხოვრება იმათთვის უკეთესია, ვინც ღვთისმოშიშია და არ დაიჩაგრებიან ხურმას კურკის ღარში აპკი რომ აქვს, იმ დონეზეც კი !
-
78
სადაც არ უნდა იყოთ, სიკვდილი მოგწვდებათ თქვენ, თუნდაც რომ იყოთ მტკიცე კოშკებში. და თუ ეწიათ სიკეთე, ამბობენ : ეს ალლაჰის წიაღიდან მოდის! და თუ ეწიათ უბედურება, გეუბნებიან: ეს მოდის შენგან! უთხარი შენ: ყველაფერი ალლაჰისგანაა! და რა ემართება ამ ხალხს, რომ არ ცდილობენ ნათქვამის გაგებას?
-
79
რაც კარგი რამ გეწიოს შენ, ალლაჰისგანაა ის, და რაც ცუდი რამ გეწიოს, შენი საკუთარი თავისგანაა. და ჩვენ შენ წარგგზავნეთ ხალხთან შუამავლად. და კმარა ალლაჰი მოწმედ!
-
80
ვინც ჰმორჩილებს შუამავალს, უეჭველად, ის ალლაჰის მორჩილია. და ვინც შეგაქციოს სახე, მაშ, არ წარგვიგზავნიხარ შენ მათდა გუშაგად!
-
81
და ამბობენ : გმორჩილებთ ! მაგრამ, როცა წავლენ შენგან, მათგან ერთი ჯგუფი ღამით ჩუმად თხზავს იმას, რაც არ გითქვამს შენ . ალლაჰი იწერს იმას, რაც ღამით ჩუმად განიზრახეს. ზურგი აქციე მათ და მიენდე ალლაჰს. და კმარა მფარველად ალლაჰი!
-
82
ნუთუ ისინი ყოველმხრივად არ გაიაზრებენ ყურანს? და რომ ყოფილიყო ალლაჰის გარდა სხვა წიაღიდან მოვლენილი, მასში, უეჭველად, უამრავ გაუგებრობას იპოვიდნენ.
-
83
და როცა მათ ყურამდე აღწევს ცნობა მშვიდობისა თუ საშიშროებისა , ისინი მოსდებენ ამას ქვეყანას. და რომ ის (ამბავი) შუამავლისათვის ან თავიანთ თავკაცებისათვის ეცნობებინათ, რომელნიც დედაარსს გაანალიზებდნენ (და ყველასათვის რომ არ მოედოთ), მაშინ, უთუოდ, გაიგებდნენ მას . რომ არა ალლაჰის სიკეთე თქვენდამი და წყალობა მისი, ეშმაკს გაყვებოდით, მცირედის გარდა.
-
84
მაშ, (ო, მუჰამმედ) იბრძოლე ალლაჰის გზაზე, შენ მხოლოდ თავისთავზე აგებ პასუხს და წაახალისე მორწმუნენი. ეგებ ალლაჰმა შეაკავოს ურწმუნოთა მრისხანება. რამეთუ ალლაჰი მძლეთამძლეა მრისხანებასა და სასჯელში!
-
85
ვინც იშუამდგომლებს კეთილად , მას წილი ექნება მისგან , და ვინც იშუამდგომლებს ბოროტად, მას წილი ექნება მისგან . უეჭველად, ალლაჰს ძალუძს ყველაფერი !
-
86
„და როცა სალამით გესალმებიან , იმაზე უკეთესით მიესალმეთ ან ისეთივე დაუბრუნეთ.“ უეჭველად, ალლაჰი ყველა საქციელზე პასუხს აგებინებს!
-
87
არ არსებობს ღვთაება, გარეშე მისი - ალლაჰისა! უეჭველად, ის შეგკრებთ თქვენ აღდგომის დღეს, ეჭვი არ არის მასში! და ვისი სიტყვაა ალლაჰის სიტყვაზე უფრო მართალი?!
-
88
და რა გემართებათ, თვალთმაქცთა მიმართ ორ ჯგუფად რომ გაიყეთ თქვენ? ალლაჰმა უკან შეატრიალა ეგენი იმისათვის, რაც მოიგეს. ნუთუ ის გსურთ თქვენ, რომ ჭეშმარიტ გზას დაადგინოთ ისინი, ვისაც გზა აუბნია ალლაჰმა? და ვისაც გზა აუბნია ალლაჰმა, იმას გზა ვერ მოუნახო შენ!
-
89
მათ სურდათ, რომ თქვენ ურწმუნოები გამხდარიყავით, ისეთივე, როგორიც თავად არიან, რომ ერთნაირები ყოფილიყავით. არ დაიამხანაგოთ მათგან არავინ, სანამ არ გადასახლდებიან ალლაჰის გზაზე; და თუ უკან დაბრუნდებიან, დაიჭირეთ და მოკალით, სადაც წააწყდებით. და არ აიყვანოთ მათგან არც მეგობრად და არც დამხმარედ,
-
90
გარდა მათი, ვინც იმ ხალხს ეკუთვნის, რომელთანაც შეთანხმება გაქვთ დადებული თქვენ; ანდა ვინც მოსულა თქვენთან და გული არ აძლევს გეომოს თქვენ, ან საკუთარ ხალხს ეომოს; და თუ ინებებდა ალლაჰი, ძალას მისცემდა თქვენზე და მაშინ ომს დაგიწყებდნენ ისინი. ხოლო თუ გაგეცალონ და არ გეომონ და მშვიდობა შემოგთავაზონ, მაშინ მათ წინააღმდეგ ალლაჰი გზას არ გაგიმართავთ თქვენ !
-
91
და ნახავთ სხვებს, რომელთაც უნდათ ერთგულნი იყვნენ თქვენი და ერთგულნი იყვნენ თავიანთი ხალხისაც, მათ ყოველთვის, როცა ცდუნებისკენ უბიძგებენ, ჩაეფლობიან მასში. და თუ არ გაგეცალონ და მშვიდობა არ შემოგთავაზონ და ხელები არ გააჩერონ, მაშინ, დაიჭირეთ და მოჰკალით, სადაც წააწყდებით. ამათზე სრული უფლება მოგვიცია თქვენთვის!
-
92
და არ შეიძლება, მორწმუნემ მორწმუნე მოკლას, უნებლიე შემთხვევის გარდა . და ვინც შემთხვევით მოკლას მორწმუნე, დაეკისროს ერთი მორწმუნე მონის გათავისუფლება და სისხლის გამოსასყიდი მისი ოჯახისათვის, თუ არა პატიებისა. ხოლო თუ მოკლული თქვენი მტერი ხალხისგანაა და თვითონ კი მორწმუნე, მაშინ ერთი მორწმუნე მონის გათავისუფლება. და თუ იმ ხალხისგანაა, ვისთანაც შეთანხმება გაქვთ თქვენ, მაშინ სისხლის გამოსასყიდი მისი ოჯახისათვის და ერთი მორწმუნე მონის გათავისუფლება; და ვისაც არა მოეპოვება, მაშინ მარხულობა ზედიზედ ორი თვის განმავლობაში ალლაჰის წინაშე მოსანანიებლად. და ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, ბრძენია!
-
93
და ვინც მორწმუნეს მოკლავს განზრახ, ჯოჯოხეთია მისი საზღაური, სადაც დარჩება მუდმივად. განურისხდა მას ალლაჰი და დაწყევლა იგი და გაუმზადა მას სასჯელი საშინელი!
-
94
ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! როცა გაეშურებით (საბრძოლველად) ალლაჰის გზაზე, განასხვავეთ (მორწმუნე ურწმუნოსაგან) და ამქვეყნიური სიუხვის მოხვეჭის სურვილით არ უთხრათ იმას, ვინც მოგესალმებათ: შენ არა ხარ მორწმუნე! მაშინ, როცა ალლაჰთანაა ურიცხვი ალაფი. ასეთი იყავით უწინ, მაგრამ ალლაჰმა წყალობა მოიღო თქვენზე. ამიტომ გაიაზრეთ, უეჭველად, ალლაჰი უწყის რასაც სჩადიხართ!
-
95
და ერთმანეთის თანასწორნი არ არიან ის მორწმუნენი, რომელნიც სახლში სხედან უმიზეზოდ, და ისინი, რომელნიც ალლაჰის გზაზე იბრძვიან თავიანთი ქონებითა და თავიანთი სულით. ალლაჰმა თავიანთი ქონებითა და თავიანთი სულით მებრძოლნი ერთი საფეხურით აღამაღლა შინ მსხდომებზე. და ყველას სიკეთე აღუთქვა ალლაჰმა, მაგრამ მებრძოლნი შინ მსხდომებზე უპირატესჰყო უდიდესი ჯილდოთი.
-
96
ხარისხები მისგანაა , მიტევებაც და წყალობაც. უეჭველად, ალლაჰი შემნდობია, მწყალობელია!
-
97
უეჭველად, როცა ანგელოზებმა მიიბარეს ისინი, რომელნიც საკუთარ თავს ვნებდნენ , შეეკითხნენ: რითი იყავით დაკავებული ? მიუგეს: უძლურნი ვიყავით მიწაზე ! უთხრეს: განა არ იყო ალლაჰის მიწა იმდენად ვრცელი, რომ სხვაგან გადასახლებულიყავით ? აი ისინი, რომელთა თავშესაფარი ჯოჯოხეთია. და რა საძაგელი თავშესაფარია?!
-
98
გარდა უძლური კაცებისა, ქალებისა და ბავშვებისა, რომელთაც არ ძალუძთ იღონონ რამე და არცა შეუძლიათ გზას დაადგენ ,
-
99
ეგების მიუტევოს ალლაჰმა მაგათ; ალლაჰი ხომ შემნდობია, შემწყნარებელია!
-
100
და ვინც გადასახლდება ალლაჰის გზაზე, ის იპოვის დედამიწაზე აუარებელ გადასასახლებელ ადგილსა და სარჩოს. და ვინც გაემგზავრება ალლაჰისა და მისი შუამავლის გულისათვის და თავის სახლს მიატოვებს, შემდგომ კი მას ეწიოს სიკვდილი , საზღაური მისი ალლაჰზეა. ალლაჰი ხომ შემწყნარებელია, მწყალობელია!
-
101
და როცა მოგზაურობთ ამ მიწაზე, ცოდვად არ გეთვლებათ, თუ ლოცვას შეამოკლებთ , თუკი შიშობთ, რომ რაიმეს გავნებენ ისინი, რომელნიც ურწმუნონი არიან. უეჭველად, ურწმუნონი აშკარა მტრები არიან თქვენდამი!
-
102
და როცა შენ (ო, მუჰამმედ!) მორწმუნეთა შორის ხარ და წარმართავ მათ ლოცვით , შენთან ერთად ილოცოს ერთმა ჯგუფმა იარაღით ხელში. როცა პირველი ჯგუფი ლოცვას დაასრულებს, შენ უკან დადგნენ და მოვიდეს მეორე ჯგუფი, რომელსაც ჯერ არ ულოცია და შენთან ერთად განაგრძოს ლოცვა. მაგრამ ფრთხილად იყვნენ და იარაღი ჰქონდეთ თან. ვინც ურწმუნოა, ნატრობს უგულისყუროდ დატოვოთ იარაღი და აღჭურვილობა , რომ მოულოდნელად დაგესხან თავს. ცოდვად არ გეთვლებათ, თუ იარაღს განზე გადადებთ წვიმით შეწუხებულნი ან ავად მყოფნი. და იყავით ფხიზლად! უეჭველად, ალლაჰმა გაუმზადა ურწმუნოებს სასჯელი დამამცირებელი!
-
103
და როდესაც მორჩებით ლოცვას, გახსოვდეთ ალლაჰი მდგომთამ მსხდომთა და მხართეძოზე წამოწოლილთ, ხოლო როცა გულმშვიდად იქნებით, დადექით ლოცვად, ჭეშმარიტად, მორწმუნეებს ლოცვა ევალებათ განსაზვრულ დროს.
-
104
არ გამოიჩინოთ სისუსტე ხალხის დევნაში. და თუ თქვენ იტანჯებით, უეჭველად, იტანჯებიან ისინიც, როგორც თქვენ იტანჯებით, და თქვენ ალლაჰისგან იმის იმედი გაქვთ, რისი იმედიც მათ არ გააჩნიათ. და ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, ბრძენია!
-
105
უეჭველად, ჩვენ მოგივლინეთ ღვთიური წიგნი ჭეშმარიტებით, რათა განსაჯო ადამიანებს შორის ისე, როგორც შენ ალლაჰმა დაგიდგინა. და ნუ იქნები დამცველად მოღალატენის!
-
106
და შესთხოვე ალლაჰს მიტევება; უეჭველად, ალლაჰი შემნდობია, მწყალობელია!
-
107
და არ გამოექომაგო იმათ, ვინც საკუთარ თავს ღალატობს. უეჭველად, ალლაჰს არ უყვარს მოღალატეები, ცოდვილები!
-
108
მალავენ ხალხისგან, მაგრამ ვერ დაუმალავენ ალლაჰს. და იგი მათთანაა, როცა ისინი ფარულად ადგენენ, რაც არ მოსწონს. უეჭველად, ალლაჰი გარემოიცავს იმას, რასაც ისინი აკეთებენ!
-
109
აი, თქვენ ექომაგებით მაგათ ამქვეყნიურ ცხოვრებაში, მაგრამ ვინ გამოექომაგება ალლაჰთან განკითხვის დღეს, ან ვინ იქნება თავდები მათი?
-
110
და ვინც იქმს სიავეს ან თავის სულს ავნებს, მერე კი ალლაჰს მიტევებას სთხოვს, იხილავს ალლაჰს შემნდობელსა, მწყალობელსა!
-
111
და ვინც შეიძენს ცოდვას, დიახაც, რომ ის იძენს თავის საზიანოდ. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, ბრძენია!
-
112
და ვინც უნებლიეთ ჩაიდენს ცოდვას ან შესცოდებს (განზრახ), მერე კი ამას უცოდველს გადააბრალებს, უეჭველად, იტვირთავს იგი ცილისმწამებლობასა და აშკარა ცოდვას!
-
113
და ალლაჰის მადლი რომ არა და წყალობა მისი შენზე , ერთი ჯგუფი მათგან ყველაფერს იღონებდა, რომ გზას აეცდინე შენ. მაგრამ ვერავის ააცდენენ ეგენი გზას, საკუთარი თავის გარდა, და ვერ გავნებენ ვერაფერს. და ალლაჰმა გარდმოავლინა წიგნი და სიბრძნე და შეგასწავლა ის, რაც არ იცოდი. და ალლაჰის მადლი უდიდესია შენდა!
-
114
არ არის სიკეთე მათ მრავალგზის საიდუმლო თათბირობებში, გარდა იმისა, სადაც მოუწოდებენ გაიღონ მოწყალება, ან კეთილი საქმე, ან შერიგება ადამიანებს შორის, და ვინც ალლაჰისაგან კეთილმოწყალების სურვილით იქმს ამას, მაშ, მივაგებთ მას უდიდეს ჯილდოს!
-
115
და ვინც განუდგება შუამავალს იმის შემდგომ, როცა ჭეშმარიტება ცხადი გახდა მისთვის, და იგი დაადგება გზას, რომელზეც არ ადგანან მორწმუნენი, ჩვენ მივაქცევთ მას, საითკენაც შეტრიალდა და შევუნთებთ მას ჯოჯოხეთში. და რა საზიზღარია ეს მისაქციელი!
-
116
უეჭველად, ალლაჰი არ მიუტევებს იმას ,რომ მას რაიმე ჩაუზიარონ და მიუტევებს სხვა ყველაფერს, ვისაც ინებებს. და ვინც ალლაჰს თანაზიარს გაუჩენს, დიახაც, რომ დიდი გადაცდომით გადავიდა იგი გზას !
-
117
მხოლოდ კერპებს უხმობენ მის მაგივრად, და მხოლოდ უხმობენ ურჩ ეშმაკს.
-
118
ალლაჰმა დაწყევლა იგი და თქვა : „უეჭველად, შენს მსახურთაგან ერთი ნაწილს დავეუფლები მე,
-
119
და, უეჭველად, გზას ავაცდენ მათ, და ვაცდუნებ ოცნებებით, და ვუბრძანებ მათ ყურები დააჭრან საქონელს, და უეჭველად, ვუბრძანებ მათ სახე უცვალონ ალლაჰის გაჩენილს.“ და ვინც ალლაჰის მაგივრად ეშმაკს აიყვანს მეგობრად, აშკარად დაზარალდება იგი.
-
120
ჰპირდება მათ და ოცნებებით აცდუნებს, და რასაც ჰპირდება ეშმაკი, მხოლოდ ცდუნებაა ის.
-
121
აი ისინი, რომელთა სამყოფელიც ჯოჯოხეთია, და გამოსასვლელს ვერ იპოვიან იქიდან.
-
122
და რომელთაც იწამეს და ჰქმნეს სიკეთენი, სულ მალე მოვათავსებთ სამოთხენში, სადაც ძირს მდინარეები მოედინება, იქ დარჩებიან სამუდამოდ, ალლაჰის აღთქმა ჭეშმარიტებაა. და ვისია სიტყვა ალლაჰის სიტყვაზე უფრო ჭეშმარიტი?!
-
123
არა თქვენი ოცნებებისამებრ და არცა წიგნის ხალხის ოცნებებისამებრ, ავის მქმნელს ავითვე მიეზღვება, და ალლაჰის გარდა ვერ იპოვიან ვერცა მფარველს და ვერცა შემწეს!
-
124
და ვინც იქმს სიკეთეს, კაცი იქნება ეს თუ ქალი, და არის ის მორწმუნე, სწორედ, შევლენ სამოთხეში ეგენი და არ დაიჩაგრებიან, ხურმის კურკას ღარი რომ აქვს, იმის ტოლაზეც!
-
126
და ალლაჰს ეკუთვნის რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. და ალლაჰი ხომ ყველაფრის გარემომცველია.
-
127
შენგან ნებავთ განმარტება ქალების შესახებ, უთხარი: ალლაჰი გამცნობთ მათ შესახებ, და ასევე ობოლ ქალებთა მიმართებაში, რომელთაც არ აძლევთ იმას, რაც მათ ეკუთვნით და გწადიათ მათი ცოლად შერთვა ; და ასევე უსუსური ბავშვების თაობაზე, სამართლიანად რომ უნდა მოექცეთ ობლებს, როგორც ეს ღვთიურ წიგნში გიწერიათ; და რა სიკეთეც ჰქმნათ, უეჭველად, ალლაჰი უწყის მას!
-
128
და თუ ქალი შიშობს, რომ ყურადღებას არ მიაქცევს ქმარი მისი ან უგულებელჰყოფს, ცოდვად არ ჩაეთვლებათ, თუ დადებენ ერთმანეთში შეთანხმებას. შეთანხმება უფრო უკეთესია. და თან სდევს ადამიანს ძუნწობა. და თუ გამოსწორდებით და იქნებით ღვთისმოშიშნი, უეჭველად, ალლაჰმა იცის რასაც აკეთებთ!
-
129
თქვენ ვერასდროს შეძლებთ ერთნაირად სამართლიანნი იყოთ ქალებისადმი, თუნდ გულით მოინდომოთ ეს. მაგრამ მთლად ნუ გადაიხრებით ერთისკენ და მეორეს ნუ დატოვებთ მიტოვებულივით. და თუ გამოსწორდებით და იქნებით ღვთისმოშიშნი, უეჭველად, ალლაჰი შემნდობია , მწყალობელია!
-
130
და თუ გაეყრებიან, ალლაჰი გაუმრავლებს ორივეს სიუხვეს. და ალლაჰი ხომ გულუხვია, ბრძენია!
-
131
ალლაჰისაა რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. უეჭველად, ჩვენ დავუდგინეთ, რომელთაც თქვენ უწინ ებოძათ ღვთიური წიგნი და თქვენ , რომ გეშინოდეთ ალლაჰისა! და თუ უარყოფთ, ალლაჰისაა ის, რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. უეჭველად, ალლაჰი ყოვლადმდიდარია, ყოვლადქებულია!
-
132
ალლაჰისაა რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა . და ალლაჰი კმარა მფარველად!
-
133
და თუ ინებებს, წაგიყვანთ თქვენ, ადამიანებო და მოიყვანს სხვებს. უეჭველად, ალლაჰს ძალუძს ეს!
-
134
ვისაც სურს ამქვეყნიური სიკეთე, ალლაჰთანაა სიკეთე ამქვეყნიურიც და იმქვეყნიურიც. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმსმენია, ყოვლისდამნახავია!
-
135
ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! იყავით ალლაჰის წინაშე მოწმენი, სამართლის აღმდგენი. და ეს რომც იყოს თქვენს წინააღმდეგ , ან თქვენი მშობლებისა და ნათესავების, მდიდარი იქნება ის თუ ღარიბი, რადგანაც ალლაჰი უფრო ახლოსაა ორივესთან , მაშ, ნუ გაყვებით გულისნადებს , რომ არ გადაუქციოთ ჭეშმარიტებას, და თუ გაამრუდებთ ან გაექცევით , უეჭველად, ალლაჰი უწყის, რასაც აკეთებთ!
-
136
ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! იწამეთ ალლაჰი და მისი შუამავალი, და წიგნი, რომელიც გარდმოუვლინა თავის შუამავალს და წიგნი, რომელიც მან გარდმოავლინა მის უწინ . და ვინც უარყოფს ალლაჰსა და მის ანგელოზებს, მის წიგნებს, მის შუამავლებს, და განკითხვის დღეს. დიახაც, რომ დიდი გადაცდომით გადავიდა იგი გზას.
-
137
უეჭველად, რომელთაც იწამეს , მერე უარყვეს , მერე კვლავ იწამეს , კვლავ უარყვეს , და უფრო გაიღვივეს ურწმუნოება , არ იქნება, რომ მიუტევოს ალლაჰმა მათ, და არ დაადგენს მათ ჭეშმარიტ გზას!
-
138
ამცნე თვალთმაქცებს, უეჭველად, მათ მოელით მტანჯველი სასჯელი!
-
139
რომელთაც ურწმუნონი აჰყავთ მეგობრებად მორწმუნენის ნაცვლად, დიდებას ხომ არ ეძებენ მაგათთან? თუმცა, უეჭველად, დიდება ალლაჰს ეკუთვნის სრულიად!
-
140
უეჭველად, გარდმოგივლინა თქვენ წიგნში : თუკი გაიგონებთ ალლაჰის აიათების უარყოფას და მასზე გაცინვას, ნუ დასხდებით მათ გვერდით, სანამ ისინი სხვა თემაში არ ჩაეფლობიან. სხვაგვარად თქვენ მათ დაემსგავსებით . უეჭველად, ალლაჰი შეკრებს თვალთმაქცებსა და ურწმუნოებს ყველას ერთად ჯოჯოხეთში!
-
141
რომელნიც თქვენ გელოდებიან, თუკი ალლაჰისგან გამარჯვება გექნათ თქვენ, იტყვიან: განა ჩვენ თქვენს გვერდით არ ვიყავით? და თუ გამარჯვება ერგოთ ურწმუნოებს, იტყვიან: „განა ჩვენ არ ვიყავით გადაფარებული თქვენზე და ჩვენ არ დაგიცავით მორწმუნეთაგან?“ მაგრამ განსჯის ალლაჰი თქვენს შორის აღდგომის დღეს . და ალლაჰი გზას არ გაუმართავს ურწმუნოებს მორწმუნეთა წინააღმდეგ.
-
142
უეჭველად, ის სურთ თვალთმაქცებს, რომ ალლაჰი მოატყუონ, მაგრამ იგი მოატყუებს მათ . და როცა ლოცვად დგებიან , მცონარობით დგებიან, საჩვენებლად ხალხისა და არ ახსენებენ ალლაჰს , მცირედის გამოკლებით.
-
143
მერყეობენ ამას (რწმენასა და ურწმუნოებას) შორის. და ვისაც ალლაჰი გზას აუბნევს, იმას გზა ვერ მოუნახო შენ!
-
144
ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ აიყვანოთ მეგობრებად ურწმუნონი, მორწმუნენის მაგივრად. განა გინდათ ცხადი სამხილი მისცეთ ალლაჰს თქვენ წინააღმდეგ?!
-
145
უეჭველად, თვალთმაქცები ცეცხლის უფსკრულში იქნებიან და ვერ მოუნახო შენ მათ შემწე,
-
146
გარდა მათი, რომელთაც მოინანიეს, გამოასწორეს თავიანთი სული, მიეჯაჭვნენ ალლაჰს, და გამოასწორეს რწმენა ალლაჰისადმი! აი, ეგენი არიან მორწმუნეებთან ერთად. ხოლო სულ მალე ალლაჰი მიუძღვნის მორწმუნეებს უდიდეს ჯილდოს!
-
147
არ იქმს ალლაჰი დაგსაჯოთ თქვენ, თუ იქნებით მადლიერნი და ირწმუნებთ! და ალლაჰი ხომ მომმადლებელია, ყოვლისმცოდნეა!
-
148
ალლაჰს არ მოსწონს ავი სიტყვის განცხადება , გარდა იმათი , ვინც უსამართლობის მსხვერპლი გამხდარა. და ალლაჰი ხომ ყოვლისმსმენია, ყოვლისმცოდნეა!
-
149
ცხადად იქმთ სიკეთეს თუ ფარულად, ან თუ მიუტევებთ სიავეს, უეჭველად, ალლაჰი ყოვლისშემნდობია, ყოვლისშემძლეა!
-
150
უეჭველად, რომელნიც უარყოფენ ალლაჰსა და მის შუამავალთ და სურთ განაცალკევონ ალლაჰი და მისი შუამავალნი , და ამბობენ: ჩვენ გვწამს ზოგი და ზოგს უარვყოფთ. და სურთ ამათ შორის გაიდონ გზა,
-
151
სწორედ ეგენი არიან ნამდვილად ურწმუნონი. და ურწმუნოთათვის ჩვენ მზად ვყავით სასჯელი დამამცირებელი !
-
152
და რომელთაც, ირწმუნეს ალლაჰი და შუამავალნი მისი და არ გამოარჩევენ მათ შორის არც ერთს, მათ შემდგომში უბოძებს თავიანთ საზღაურს, და ალლაჰი შემწყნარებელია, მწყალობელია!
-
153
შენგან სურთ წიგნის ხალხს , ზემოავლინო მათთთვის ზეციდან წიგნი , და ადრე ამაზე მეტი ითხოვეს მუსადან, უთხრეს: ცხადად გვახილვინე ალლაჰი ჩვენ! ამიტომაც ელვა ეკვეთათ თავიანთი უსამართლობისთვის. მერე ხბო გაიხადეს კერპად, მას შემდეგ, რაც ცხადი აიათები ებოძათ. და ჩვენ მივუტევეთ მათ ეს და ვუბოძეთ მუსას აშკარა მეუფება .
-
154
და აღვმართეთ მათ ზემოთ მთა თანახმად აღთქმისა და ვუთხარით მათ: „შემოდით კარიბჭეში სეჯდეს აღმსრულენი!“ და ვუბრძანეთ: „არ დაარღვიოთ შაბათი !“ და ავიღეთ მათგან მტკიცე აღთქმა.
-
155
და იმისათვის , რომ დაარღვიეს თავისნი აღთქმა, და ალლაჰის აიათების უარყოფისთვის, და რომ უსამართლოდ ხოცავდნენ შუამავალთ; და იმისათვის, რომ თქვეს: ჩვენი გულები დახურულიაო , პირიქით, ალლაჰმა დაასვა ბეჭედი მათ, თავიანთი ურწმუნოების გამო და არ ირწმუნებენ ეგენი, გარდა მცირედისა ;
-
156
და მათი ურწმუნოებისათვის და იმისთვისაც, რომ უდიდესი ცილი დასწამეს მარიამს;
-
157
და მათი სიტყვებიდან გამომდინარე, „უეჭველად, ჩვენ მოვკალით მესიჰი ღისა ძე მარიამისა, შუამავალი ალლაჰისა;“ და არ მოუკლავთ იგი და არ გაუკრავთ, მაგრამ მოეჩვენათ მათ , და უეჭველად, რომელნიც ვერ თანხმდებიან მასში, ამის გამო ეჭვში არიან, არავითარი ცოდნა არ აქვთ ამის თაობაზე, მხოლოდ ვარაუდს მიყვებიან, და არ მოუკლავთ ნამდვილად იგი,
-
158
არამედ ალლაჰმა აღამაღლა იგი თავისთან, რამეთუ ალლაჰი ძლევამოსილია, ბრძენია!
-
159
და წიგნის ხალხთაგან არავინაა ისეთი, რომ არ სწამებოდა სიკვდილამდე იგი , და აღდგომის დღეს ის იქნება მათ წინააღმდეგ მოწმე ;
-
160
იუდეველებს, მათი უსამართლობიდან გამომდინარე, ავუკრძალეთ ჩვენ რაც სიკეთენი ჰქონდათ ნებადართული იმისთვის, რომ მათ აღუკვეთეს მრავალს ალლაჰის გზა.
-
161
და იმისთვის, რომ იღებდნენ ვახშს (პროცენტს), რომელიც კატეგორიულად აკრძალული ჰქონდათ ; და რომ ხალხის ქონებას უსამართლოდ მიირთმევდნენ . და განვუმზადეთ მათგან ურწმუნოებს მწარე სასჯელი.
-
162
მაგრამ მათგან მტკიცედ მცოდნეებმა და მორწმუნეებმა ირწმუნეს ის, რაც ზემოგევლინა შენ, და რაც ზემოვლენილი იყო შენს უწინ. აღმვლენი ლოცვისა და მიმცემი ზექათისა, და მორწმუნენი ალლაჰისა და უკანასკნელი დღისა, აი ისინი, რომელთაც მივმადლით უდიდეს საზღაურს!
-
163
უეჭველად, ჩვენ შენ შთაგაგონეთ, როგორც ნუჰს შთავაგონეთ და შუამავლთ მის შემდგომ, და (როგორც) ჩვენ შთავაგონეთ იბრაჰიმს და ისმაილს, ისჰაყს , იაღყუბს და შტოებს, ღისას, ეიუბს, იუნუსს, ჰარუნს და სულეიმანს და მივეცით ზებური (ფსალმუნი) დავუდს ;
-
164
და შუამავლები , ვისზეც უკვე გიამბეთ შენ და შუამავლები, ვისზეც არაფერი გვითქვამს შენთვის ; და დაელაპარაკა ალლაჰი მუსას სიტყვიერად .
-
165
და შუამავლები მახარობლებად და შემგონებლებად, შუამავლების შემდგომ რომ არ ჰქონოდათ ადამიანებს მტკიცებულება ალლაჰის წინაშე. და ალლაჰი ძლევამოსილია, ბრძენია.
-
166
მაგრამ ალლაჰი ადასტურებს , რაც ზემოგივლინა შენ , რომელიც ზემოავლინა თავისი სიბრძნით და ანგელოზები ადასტურებენ . და ალლაჰი კმარა მოწმედ!
-
167
უეჭველად, რომელთაც უარყვეს და ააცდინეს ალლაჰის გზას, უკვე შორეულ ცდომილებაში არიან გადასულნი!
-
168
უეჭველად, რომელთაც უარყვეს და ცოდვა ჩაიდინეს, არ იქნება ალლაჰმა შეუნდოს მათ და არ იქნება, რომ დაადგინოს ისინი სწორ გზას,
-
169
თუ არა ჯოჯოხეთის გზას. იქ დამკვიდრდებიან სამუდამოდ! და ეს იოლია ალლაჰისთვის!
-
170
ჰეი, ადამიანნო ! უკვე მოვიდა თქვენთან შუამავალი ჭეშმარიტებითურთ თქვენი ღმერთისგან, მაშ ირწმუნეთ! თქვენთვისვე იქნება უკეთესი. და თუ უარყოფთ, უეჭველად, ალლაჰისაა რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. და ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, ბრძენია!
-
171
ჰეი, ღვთიური წიგნის ხალხო ! ზღვარს ნუ გადახვალთ თქვენს სარწმუნოებაში და არ თქვათ ალლაჰზე, გარდა ჭეშმარიტებისა . რამეთუ მესიჰი ღისა ძე მარიამისა მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰის შუამავალია და სიტყვაა მისი, რომელიც მიაწვდინა მარიამს და ერთი სულია მისგან. მაშ, ირწმუნეთ ალლაჰი და მისი შუამავალნი და არ თქვათ : სამება ! თავი ანებეთ თქვენდა სასიკეთოდ, რადგან ალლაჰი ღმერთი ერთია. იმაზე უფრო დიდებულია იგი, რომ შვილი ჰყავდეს მას. მისია რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. და ალლაჰი კმარა მფარველად!
-
172
არასდროს ითაკილებს მესიჰი, რომ იყოს ალლაჰის მსახური და არც (ალლაჰთან) დაახლოებული ანგელოზები! და ვინც ითაკილებს მისდა მსახურებას და ქედმაღლობს, იმათ ყველას თავისთან შეკრებს იგი.
-
173
ხოლო რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი, იმათ საზღაურს სრულად მიაგებს და მადლს თავისას გაუმრავლებს. და რომელთაც ითაკილეს და გაგოროზდნენ, მაშ, დასჯის მათ მწარე სასჯელით. და ისინი, ვერღა იპოვიან მათთვის ვერცა მფარველს და ვერცა შემწეს, გარდა ალლაჰისა.
-
174
ჰეი, ადამიანნო! თქვენ უკვე მოგივიდათ საბუთი თქვენი ღმერთისგან და მოგივლინეთ თქვენ ცხადი ნათელი .
-
175
ასე, რომ რომელთაც ირწმუნეს ალლაჰი და მიეჯაჭვნენ მას, სულ მალე შეიყვანს მათ მისსავე წყალობასა და სიკეთეში და დაადგენს ჭეშმარიტ გზაზე!
-
176
შენგან სურთ განმარტება . თქვი შენ: „ალლაჰი განგიმარტავთ ქელალეთის შესახებ. თუ მოკვდება კაცი და მას არ დარჩება შვილი და დარჩება და, მაშინ მისია დანატოვარი ქონების ნახევარი და იგი (ძმა) ემემკვიდრება მას, თუკი მას არ დარჩა შვილი. თუ დები ორი არიან, მაშინ მათია დანატოვარის ორი მესამედი, და თუ და-ძმანი არიან, მაშინ მამაკაცს იმდენი წილი, რაც ორ ქალს.“ ალლაჰი განგიმარტავთ თქვენ, რათა გზას არ ასცდეთ, და ალლაჰი ყოვლისმცოდნეა.