-
1
ჰა. მიმ.
-
2
ზეგარდმოვლენილია მოწყალისგან, მწყალობლისგან
-
3
წიგნი, რომლის აიათები განიმარტა ვრცლად არაბულ ენაზე, ყურანად მცოდნე ხალხთათვის,
-
4
ხარებად და შეგონებად. მაგრამ ზურგი აქცია უმრავლესობამ მათგან, უკვე ვერღა შეისმენენ.
-
5
და თქვეს: „ჩვენი გულები დახშულია იმისგან, რისკენაც მოგვიწოდებ, რამეთუ ჩვენს ყურებში სიყრუეა და ჩვენსა და შენს შორის ფარდაა. მაშ, ჰქმენ (რაც გენებოს) და ჩვენც ვიქმთ (რაც გვსურს).
-
6
უთხარი: „მე მხოლოდ ადამიანი ვარ თქვენსავით. ზეშთამეგონა, რომ ღმერთი თქვენი ერთადერთი ღმერთია. მაშ, წარსდექით მის წინაშე ჭეშმარიტი რწმენით და მიტევება შესთხოვეთ მას. და ვაი, წარმართთა მდგომარეობას!
-
7
რომელნიც არ გასცემენ ზექათს , დიახ, ისინი საიქიოს უარმყოფელნიც არიან.
-
8
უეჭველად, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი, მათთვისაა საზღაური გამოულევი.
-
9
უთხარი: განა თქვენ ნამდვილად უარყოფთ მას, რომელმაც გააჩინა დედამიწა ორ დღეში და უდგენთ მას თანასწორთ? სწორედ იგია სამყაროთა ღმერთი!
-
10
იქ დაადგინა მყარი მთები, მოჰმადლა ბარაქა და მასზე ოთხ დღეში გაანაწილა საბადებელი საყოფისად სარჩოს მაძიებელთათვის.
-
11
შემდგომ მესვეურობა ზეცისკენ აღაპყრო, რომელიც იყო კვამლი. მერე უთხრა მას და მიწას: „მოდით ნებით ან უნებლიეთ“. მიუგეს: „მოვედით კეთილი ნებით“.
-
12
ამგვარად, მან გამოსახა ისინი შვიდ ცად ორ დღეში და შთააგონა ყოველ ზეცას თავისი მოვალეობა. და შევამკეთ უახლოესი ზეცა მანათობლებით და დაცვად. სწორედ ესაა განწესება ძლევამოსილისა, ყოვლისმცოდნისა.
-
13
და თუ კედევ ზურგს იქცევენ, მაშინ უთხარი: „მე გაგაფრთხილეთ მეხით, მსგავსი ადისა და სემუდის ხალხის მეხისა“.
-
14
აკი, მივიდნენ მათთან შუამავალნი წინიდან და უკნიდან: „რომ არ სცეთ თაყვანი არავის, გარდა ალლაჰისა“. თქვეს: „რომ ენება ჩვენ ღმერთს, უთუოდ, ანგელოზებს ზეგარდმოავლენდა. ამიტომაც, უეჭველად, რითიც თქვენ წარმოიგზავნეთ, მისი უარმყოფელნი ვართ“.
-
15
მაგრამ ადის ხალხი შემდგომ უმართებულად გამედიდურდა დედამიწაზე და თქვა: „ვინ არის ჩვენზე უფრო ძალ-ღონიერი?“ განა ვერ დაინახეს, რომ ალლაჰი, რომელმაც გააჩინა ისინი, აღემატება მათ ძალით? და ისინი ჩვენს აიათებს განზრახ უარყოფდნენ.
-
16
მაშინ ჩვენ მოვავლინეთ მათზე სუსხიანი ქარიშხალი ავბედით დღეებში, რათა გვეგემებია დამამცირებელი სასჯელი ამქვეყნიურ ცხოვრებაში. ხოლო სასჯელი საიქიოში უფრო დამამცირებელია და ისინი არ იქნებიან შეწევნილნი.
-
17
ხოლო რაც შეეხება სემუდეველებს, ისინი დავადგინეთ ჭეშმარიტ გზაზე, ამისდა მიუხედავად, მათ ირჩიეს სიბრმავე ჭეშმარიტების წინაშე, ამიტომაც შეიპყრო ისინი დამამცირებელი სასჯელის მეხმა იმისთვის, რასაც იხვეჭდნენ.
-
18
ხოლო გადავარჩინეთ ისინი, რომელთაც ირწმუნეს და ღვთისმოშიშობდნენ.
-
19
იმ დღეს შეიკრიბებიან ალლაჰის მტრები ცეცხლის წინ. ამრიგად, ისინი გამოემწყვდევიან .
-
20
ბოლოს, როცა მიაღწევენ მასთან, დაამოწმებენ მათ წინააღმდეგ სასმენელნი მათი და თვალნი მათი და კანნი მათი იმას, რასაც ისინი სჩადიოდნენ.
-
21
და ეტყვიან თავიანთ კანთ: „რატომ დაამოწმეთ ჩვენს წინააღმდეგ?“ მიუგებენ: „ჩვენ აგვალაპარაკა ალლაჰმა, რომელმაც ყველაფერი აამეტყველა, რამეთუ მან გაგაჩინათ თავდაპირველად და მასთან იქნებით მიბრუნებულნი.
-
22
და თქვენ არ გქონდათ რიდი იმისა, რომ არ ემოწმებინა თქვენს წინააღმდეგ თქვენს სასმენელთ, თვალთ და კანთ. თუმცაღა თქვენ გეგონათ, რომ ალლაჰი არ უწყის ბევრ იმას, რასაც სჩადიხართ.
-
23
სწორედ ამგვარმა ვარაუდმა თქვენი ღმერთის შესახებ წაგიყვანათ დაღუპვისკენ. ამიტომაც აღმოჩნდით წაგებულთა შორის.
-
24
ახლა უკვე რომც მოითმინონ, მაინც ცეცხლია მათი თავშესაფარი, და თუ დანდობას ითხოვენ, არ იქნებიან დანდობილთა შორის.
-
25
და მივუჩინეთ მათ ახლო მეგობრები. ამრიგად შეალამაზეს მათთვის აწმყო, მომავალი და გაცხადდა სიტყვა მათზე და ყველა თემზე, რომელნიც განადგურდნენ მათ უწინ, ჯინთაგან და ადამიანთაგან. უეჭველად, ისინი აღმოჩდნენ წაგებულნი.
-
26
და თქვეს, რომელთაც უარყვეს: „არ მოისმინოთ იგი ყურანი და ატეხეთ მასზე ღრიანცელი, ეგების თქვენ გაიმარჯვოთ“.
-
27
ამის შემდეგ, რომელთაც უარყვეს, ვაგემებთ მკაცრ სასჯელს და უთუოდ, მივუზღავთ ყველაზე ცუდს იმისგან, რასაც სჩადიოდნენ.
-
28
სწორედ ესაა საზღაური ალლაჰის მტერთა, ცეცხლია მათთვის იქ მარადიულ სამყოფლად. საზღაურად იმისთვის, რომ უარყოფდნენ ჩვენს აიათებს.
-
29
და იტყვიან, რომელთაც უარყვეს: „ღმერთო ჩვენო! გვაჩვენე ისინი, რომელთაც აგვაცდინეს ჩვენ, ჯინთაგან და ადამიანთაგან. მოვიქცევთ მათ ფეხთქვეშ, რათა იყვნენ მდაბიონი.
-
30
უეჭველად, რომელთაც თქვეს: „ღმერთი ჩვენი ალლაჰია“ მერე კი იყვნენ მტკიცენი , ზეგარდმოვლენ მათზე ანგელოზები: „ნუ გეშინიათ და ნუ დამწუხრდებით, და იხარეთ სამოთხით, რომელიც იყო აღთქმული.
-
31
ჩვენ თქვენი მფარველები ვართ ამქვეყნიურ ცხოვრებაში და იმქვეყნიურშიც. და თქვენთვისაა იქ, რასაც სულნი თქვენი ინატრებენ! და თქვენთვისაა იქ, რასაც მოითხოვთ,
-
32
ჯილდოდ შენმდობისგან, მწყალობლისგან!
-
33
ვინც ალლაჰისკენ მოუხმო, ჰქმნა სიკეთე და თქვა: უეჭველად, მე მუსლიმთაგანი ვარ, განა არის მასზე უკეთესი ვინმე სიტყვით?
-
34
არ არის თანასწორი სიკეთე და სიავე. დახვდი(სიავეს) იმით, რომელიც საუკეთესოა. მაშინ იგი მტრობა, რაც შენსა და მას შორის იყო, გექცევა გულითად მეგობრად.
-
35
მას ვერ მიაღწევს, გარდა მათი, რომელთაც მოითმინეს, და მას ვერ მიაღწევს, გარდა უდიდესი წილის მფლობელი.
-
36
მაგრამ შენ, უთუოდ, გეწევა ცდუნება ეშმაკისგან. მაშ, ალლაჰს მიეკედლე! უეჭველად, იგია ყოვლისმსმენი, ყოვლისმცოდნე.
-
37
მისი ნიშნებია ღამე და დღე, მზე და მთვარე. ნუ დაუჩოქებთ თაყვანსაცემად მზესა და მთვარეს, არამედ დაუჩოქეთ ღმერთს, რომელმაც შექმნა ისინი, თუ ხართ მისი თაყვანისმცემელნი.
-
38
და თუ ესენი ჯერ კიდევ ამპრტავნობენ, ისინი , რომელნიც შენი ღმერთის წინაშე არიან, ქებას აღავლენენ მისთვის დღისით და ღამით, და მათ არ ბეზრდებათ.
-
39
და მისი სასწაულებიდანაა, რომ შენ მიწას ნამდვილად გამომხმარს ხედავ, ხოლო როცა ჩვენ მოვავლენთ მასზე წყალს, ის მოძრაობას იწყებს და ფუვდება. უეჭველად, რომელმაც გააცოცხლა იგი, უთუოდ, გამცოცხლებელია მკვდართა. უეჭველად, იგი ყოვლისშემძლეა.
-
40
უეჭველად, რომელნიც გმობენ ჩვენს აიათებს, ვერ დაიმალებიან ჩვენს წინაშე. განა ვინც მოხვედრილ იქნება ცეცხლში უკეთესია, თუ ვინც აღდგომის დღეს მოვა დაცული?! ჰქმენით, რაც გენებოთ! უეჭველად, იგი ხედავს რასაც სჩადიხართ.
-
41
უეჭველად, რომელთაც უარყვეს შეხსენება, როცა მოევლინა მათ . უეჭველად, იგი წიგნია ძლევამოსილი.
-
42
სიცრუე ვერ გაეკარება მას ვერც წინიდან და ვერც უკნიდან. ზეგარდმოვლენილია ბრძენისგან, ყოვლადქებულისგან.
-
43
შენზე ნათქვამი არაფერია, თუ არა რაც შუამავალთ ეუბნებოდნენ შენს უწინ. უეჭველად, შენი ღმერთი მიმტევებელია, სასტიკსასჯელიანია.
-
44
და რომ დაგვედგინა იგი ყურანი უცხო ენაზე, უთუოდ, იტყოდნენ: „ნეტავ, განმარტებული ყოფილიყო მისი აიათები. განა უცხო ენა და არაბი? უთხარი: იგი იმათთვის, რომელთაც ირწმუნეს, ჭეშმარიტი გზაა და განკურნებაა. ხოლო რომელთაც არ ირწმუნეს, მათ ყურებში სიყრუეა და ბრმანი არიან მის მიმართ. აი, ეგენი, ვისაც უხმობენ შორეთიდან“.
-
45
და ვფიცავ! ჩვენ ვუბოძეთ მუსას წიგნი , მერე უთანხმოება მოუვიდათ მასში . და რომ არ ყოფილიყო შენი ღმერთის სიტყვა , უთუოდ, გადაწყდებოდა მათ შორის არსებული , და უეჭველად, ეგენი მის მიმართ ორჭოფობენ.
-
46
ვინც ჰქმნა სიკეთე, თავის სასიკეთოდაა. ხოლო ვინც ჰქმნა ავი, იგი თავის საზიანოდაა. და როდია შენი ღმერთი, უსამართლო მსახურთა მიმართ?!
-
47
მასთან მიიქცევა საათის ცოდნა. და არც ერთი ნაყოფი არ აღმოცენდება თავისი ღივიდან და არ დაფეხძიმდება არც ერთი მდედრი და ვერ შობს მისი ცოდნის გარეშე. და იმ დღეს, როცა მოუხმობს მათ: „სად არიან ჩემი მოზიარენი?“ მიუგებენ: „მოგახსენებთ, რომ არც ერთი ჩვენგანი არ არის მოწმე “.
-
48
და გაეცალნენ მათგან, რასაც მოუხმობდნენ უწინ და დარწმუნდნენ, რომ არ არის მათთვის გადარჩენა.
-
49
და არ ბეზრდება ადამიანს სიკეთის თხოვნა, მაგრამ თუ შეეხება მას სიავე, სასოწარკვეთა მოიცავს და იმედს კარგავს.
-
50
და თუ ვაგემეთ მას წყალობა ჩვენგან, შემდგომად იმ სიავის დატეხისა, აუცილებლად იტყვის: „ეს ჩემია და მე არა მგონია, რომ დადგეს საათი . და თუ ნამდვილად მობრუნებული ვიქნები ჩემს ღმერთთან, უეჭველად, ჩემთვის მის წინაშე, იქნება საუკეთესო “. დაე, უთუოდ, ვამცნობთ რომელთაც უარყვეს, იმას, რაც ჩაიდინეს და უთუოდ, ვაგემებთ მათ სასტიკ სასჯელს.
-
51
და როცა ადამიანს წყალობას ვუბოძებთ, პირს იბრუნებს და გაიძურწება . და თუ სიავე მიეწევა, იწყებს გაუთავებელ ვედრებას.
-
52
უთხარი: „რას იტყვით, თუკი ეს (ყურანი)არის ალლაჰის წიაღიდან, მერე თქვენ უარყეთ იგი? ვინ შეიძლება იყოს იმაზე მეტ გზააბნევაში, ვინც ღრმა განხეთქილებაშია?!
-
53
სულ მალე ვუჩვენებთ მათ ჩვენს სასწაულებს ცის კაბადონზე და მათ სულებში, რათა განცხადდეს მათთვის, რომ იგი ჭეშმარიტებაა. განა არ კმარა, რომ იგი უწყის ყველაფერს?!
-
54
მაგრამ ფრთხილად! უეჭველად, ისინი ეჭვში არიან თავიანთ ღმერთთან შეხვედრის თაობაზე. კარგათ შეიმეცნეთ, უეჭველად, იგი ყველაფრის გარემომცველია.