-
1
ყააფი. ვფიცავ, ბრწყინვალე ყურანს!
-
2
ნამდვილად გაოცდნენ ურწმუნონი, რომ გამოეგზავნათ შემგონებელი მათივე წიაღიდან და თქვეს: ეს ერთობ საკვირველია!
-
3
განა როცა მოვკვდებით და მიწად გარდავიქცევით (ხელმეორედ უნდა გავცოცხლდეთ)? ეს დაბრუნება წარმოუდგენელია!
-
4
უთუოდ, ჩვენ ვუწყით მიწა რას აკლებს მათ, რამეთუ ჩვენთანაა დაცული წიგნი.
-
5
ამასთან, ცრუდ შერაცხეს ჭეშმარიტება, როცა მოევლინათ მათ, უკვე ისინი უბედურებაში იმყოფებიან!
-
6
განა არ შეხედავენ, როგორ ავაგეთ ზეცა მათ ზემოდან, როგორ მოვკაზმეთ იგი და მასში არანაირი ღიობი არ მოინახება!
-
7
როგორ გავფინეთ დედამიწა და მასზე როგორ მოვათავსეთ ურყევი მთები. იქ ულამაზესი ყველა სახეობის მცენარეები წყვილებად აღმოვაცენეთ!
-
8
ეს ყველაფერი ჭეშმარიტებისაკენ მსწრაფველი ყველა მორწმუნისათვის ერთგვარი გაკვეთილი და ერთგვარი დარიგებაა!
-
9
და გარდმოვავლინეთ ზეციდან ბარაქიანი წვიმა, შემდეგ ამ წვიმით ბაღები და მარცვლეულის ყანები აღმოვაცენეთ!
-
10
და აღმოვაცენეთ მაღალი ხურმის ხეები, რომლის მტევნები ერთიმეორეზეა ასხმული,
-
11
სარჩოდ მორწმუნეთათვის. და ამით სიცოცხლე მივმადლეთ მკვდარ დასახლებას. სწორედ ასეა გამოსვლა !
-
12
ცრუდ შერაცხეს მათ უწინარეს ნუჰის ხალხმა, რესის მცხოვრებლებმა და სემუდეველებმა ,
-
13
ადიელებმა , ფარაონმა და ლუტის ძმებმა,
-
14
ეიქეს მკვიდრთა და თუბას ხალხმაც, ყველამ ცრუდ შერაცხეს შუამავალნი. სწორედ რომ დამსახურებულად ეწიათ ტანჯვა!
-
15
განა ჩვენ ადამიანის თავდაპირველი გაჩენისას უძლურება გამოვიჩინეთ, რომ ისინი ეჭვობენ ხელმეორედ გაჩენას?
-
16
და ვფიცავ, გავაჩინეთ ადამიანი და ვუწყით რას სჩურჩულებს მას სული (არსი) მისი და ჩვენ მასთან უფრო ახლოს ვართ, ვიდრე აორტა!
-
17
ისედაც, ორი ანგელოზი მარჯვნივ და მარცხნივ მის ყველა ქმედებას იწერენ.
-
18
საკმარისია მან სიტყვა წარმოთქვას და უეჭველად, მეთვალყურე მზადყოფნაშია ესწრას მას.
-
19
ჭეშმარიტებით მოვა სიკვდილის სიმთვრალე და ეთქმება: აჰა, ეს არის ის, რასაც შენ მუდამ გაურბოდი!
-
20
და ჩაიბერება საყვირში. სწორედ ესაა აღთქმული დღე!
-
21
და ყველა სული დამცველითა და მოწმით წარსდგება.
-
22
უეჭველად, შენ მისადმი უვიცი იყავი. აი, თვალ წინ არსებული ფარდა აგხადეთ, ახლა თვალი შენი უფრო გამჭრიახია!
-
23
და ეტყვის მას თანმხლები: სწორედ ესაა მზა ჩემთან!
-
24
(ებრძანება): „აბა, მოისროლეთ, მოისროლეთ ჯოჯოხეთში ყველა ურწმუნო და უმადური,
-
25
სიკეთის აღმკვეთი, ზღვარგადასული, ეჭვიანი!“
-
26
რომელმაც დაიდგინა ალლაჰთან ერთად სხვა ღვთაება, აბა, ორივემ ერთად მოისროლეთ მძვინვარე ტანჯვაში!
-
27
მისი მეგობარი (ეშმაკი) ეტყვის: ღმერთო ჩემო, მე ის არ შემიცდენია, რამეთუ თავად იყო ღრმა გზააბნევაში.
-
28
(ამ დროს ალლაჰი) უბრძანებს: ჩემს წინაშე ნუ კამათობთ, რამეთუ მე კატეგორიული გაფრთხილება უკვე გამცნეთ!
-
29
არ შეიცვლება ჩემთან სიტყვა, და მე არა ვარ უსამართლო ჩემი მსახურების მიმართ!
-
30
იმ დღეს ვეტყვით ჯოჯოხეთს: „გაივსე!?“ და გვიპასუხებს: „კიდევ არ არიან?“
-
31
და მიუახლოვდება სამოთხე ღვთისმოშიშთ, ისედაც არ იყო შორს.
-
32
ესაა, რაც აღთქმული გქონდათ ყველა მომნანიებელს და დამცველს,
-
33
ვინც თრთოდა უხილველად მოწყალისა და ვინც მოვიდა წრფელი გულით!
-
34
შედით იქ მშვიდობით! სწორედ ესაა დღე მარადიული.
-
35
მათთვისაა იქ რასაც ისურვებენ და უფრო მეტიც, ჩვენს წინაშე!
-
36
ჩვენ მათ უწინარეს რამოდენიმე თაობა გავანადგურეთ, რომელნიც მათზე უფრო ძლიერნი იყვნენ. ასეთი ძალაუფლების მიუხედავად (სიკვდილიდან გადარჩენისათვის) გასაქცევი დედამიწაზე ვერსად იპოვეს და ყოველთვის სასოწარკვეთილნი ბრუნდებოდნენ.
-
37
უეჭველად, ამაში შეხსენებაა, ვინც გულმოდგინედ და კარგად შეისმენს.
-
38
და ვფიცავ, ჩვენ გავაჩინეთ ცანი და დედამიწა და მათ შორის არსებული ექვს დღეში და არ შეგვხებია არავითარი დაღლა!
-
39
მაშ, მოითმინე რასაც ამბობენ! ადიდე ღმერთი შენი ქება-დიდებით მზის ამოსვლის და ჩასვლის წინ!
-
40
და ღამით ადიდე იგი და სეჯდეს შემდეგ!
-
41
და ყური უგდე იმ დღეს ახლო ადგილიდან მომხმობის ხმობას!
-
42
იმ დღეს (ყველა არსება) ჭეშმარიტებისკენ მომხმობ საშინელ ხმას გაიგონებს. სწორედ ესაა აღდგომის დღე!
-
43
უეჭველად, ჩვენ ვაცოცხლებთ და ვაკვდინებთ და ჩვენთანაა მისაქციელი!
-
44
იმ დღეს მიწა მათგან მსწრაფლ გაიპობა. სწორედ ესაა აღდგომა, რომელიც ჩვენთვის იოლია.
-
45
ჩვენ უკეთ ვუწყით რასაც ამბობენ. და არა ხარ შენ მათდა მოძალადე. მაშ, შეაგონე ყურანით, ვინც ძრწის ჩემი გაფრთხილების წინაშე!