-
1
ვფიცავ, (სინას) მთას!
-
2
და წიგნს, სტრიქონ-სტრიქონ დაწერილს
-
3
გაშლილ სიფრიფანა ტყავზე!
-
4
ვფიცავ, სახლს კეთილმოწყობილს!
-
5
და კამარას ამაღლებულს!
-
6
და ზღვას აბობოქრებულს!
-
7
უეჭველად, სასჯელი შენი ღმერთისა დადგება,
-
8
მაშინ მას ვეღარავინ შეაკავებს.
-
9
იმ დღეს შეირყევა ზეცა დიდი რხევით,
-
10
და ამოძრავდება მთები დიდი სიჩქარით.
-
11
ვაი, იმათ მდგომარეობას, ვინც ის დღე ცრუდ შერაცხა!
-
12
რომელნიც ლაყბობით ერთობიან.
-
13
იმ დღეს წათრევენ და ჯოჯოხეთის ცეცხლში იქნებიან მოსროლილნი.
-
14
ესაა ცეცხლი, რომელსაც თქვენ ცრუდ რაცხავდით!
-
15
ნეტა ეს ერთგვარი ჯადოქრობაა, თუ თქვენ არ გულისხმაჰყოფთ?
-
16
შეენთეთ მასში! მოითმენთ თუ არ მოითმენთ, სულერთია თქვენთვის. მხოლოდ დაისჯებით იმისთვის, რასაც სჩადიოდით.
-
17
ღვთისმოშიშნი კი, უეჭველად, სამოთხის ბაღებში და ნეტარებაში.
-
18
დამტკბარნი იმით, რაც უბოძა თავიანთმა ღმერთმა, რამეთუ დაიფარა ისინი ღმერთმა ჯოჯოხეთის სასჯელისგან.
-
19
ჭამეთ და სვით შერგებულად, ჯილდოდ თქვენი ღვაწლისთვის.
-
20
წამოწოლილნი სავარძლებზე, ჩამწკრივებულად და დავაწყვილეთ ისინი ქათქათებთან, დიდთვალებიანებთან.
-
21
რომელთაც ირწმუნეს და გაჰყვნენ მათ შთამომავლობა რწმენით, მივუერთეთ მათაც შთამომავლობა მათი და არაფერს დავუკარგავთ ღვაწლთაგან. ყოველი ადამიანი მძევალია იმისა, რაც მოიხვეჭა.
-
22
და დავასაჩუქრეთ ისინი იმ ხილით და ხორცით, რასაც ისურვებენ.
-
23
იქ მოატარებენ ერთმანეთში ფიალებს. არც ფუჭსიტყვაობა იქნება იქ და არც ცოდვის ჩადენა.
-
24
და გარს ეხვევიან ჭაბუკნი, ხელუხლებელი მარგალიტის დარნი.
-
25
და შეუბრუნდებიან ერთმანეთს კითხვით.
-
26
თქვეს: „უეჭველად, ჩვენ უწინ ვიყავით შეშინებულნი, ოჯახის გარემოცვაში.
-
27
ალლაჰმა წყალობა მოიღო ჩვენზე და დაგვიფარა ჯოჯოხეთის მწველი სასჯელისგან.
-
28
უეჭველად, ჩვენ მანამდე შევღაღადებდით მას, რამეთუ მხოლოდ იგია სიკეთის მომნიჭებელი და მწყალობელი.
-
29
მაშ, შეაგონე! რამეთუ შენ, შენი ღმერთის წყალობით არც მისანი ხარ და არც შეშლილი.
-
30
ან ამბობენ: „პოეტია! და ჩვენ ველოდებით მისი აღსასრულის დადგომას“.
-
31
უთხარი: „დაელოდეთ და უეჭველად, მეც თქვენთან ერთად დაველოდები!“
-
32
ნუთუ გონება კარნახობს მათ ამას თუ ზღვარგადასული ხალხი არიან?
-
33
ან ამბობენ: „მან შეთხზა იგი!“ არა, ისინი არ ირწმუნებენ!
-
34
მაშ, მოიტანონ მისი მსგავსი სიტყვა, თუ არიან მართალნი.
-
35
თუ გაჩნდნენ გამჩენის გარეშე? ან იქნებ თავად არიან გამჩენები?
-
36
ან იქნებ მათ გააჩინეს ცანი და ქვეყანა? არა, მათ ნამდვილად არ სჯერათ!
-
37
ნუთუ მათთანაა შენი ღმერთის საუნჯენი? ან იქნებ თავად არიან ხელმწიფენი?
-
38
ან იქნებ მათთვისაა განკუთვნილი კიბე, რომლის საშუალებითაც ისმენენ? მაშ, მოიტანოს მათგან მსმენელმა ცხადი მტკიცებანი.
-
39
ნუთუ მას ასულები და თქვენ კი - ძენი?
-
40
ნუთუ სთხოვ შენ მათ საზღაურს? ამიტომაც ისინი ვალით დამძიმებულნი არიან?
-
41
ან იქნებ უხილავი მათ წიაღშია და ისინი იწერენ?
-
42
ნუთუ სურთ ზიანის მიყენება? მაგრამ რომელთაც უარყვეს, სწორედ ეგენი აღმოჩნდებიან დაზარალებულნი.
-
43
ნუთუ მათ ჰყავთ სხვა ღვთაება, ალლაჰის გარდა? დიდება მას! შორსაა იმისგან, რასაც მოზიარედ უდგენენ!
-
44
და თუ დაინახავენ ერთ ნაფლეთს ციდან ვარდნილს, იტყვიან: „ღრუბლებია თავშეყრილი.“
-
45
მაშ, თავი ანებე მათ, ვიდრე არ ეწევათ ის თავიანთი დღე, რომელშიაც ჩაკვდებიან.
-
46
იმ დღეს მათი თავიანთი ხრიკები ვერას არგებთ და არც იქნება შეწევნა მათი.
-
47
და უეჭველად, იმათთვის, რომელთაც უსამართლობა ჩაიდინეს, სხვა სასჯელიცაა, გარდა ამისა. მაგრამ მათგან უმრავლესმა არ უწყის ეს.
-
48
და მოითმინე მსჯავრი შენი ღმერთისა. შენ ხომ ჩვენი მფარველობის ქვეშ ხარ. და ქებით განადიდე შენი ღმერთი ყოველი წამოდგომისას.
-
49
და ადიდე იგი ღამის ერთ ნაწილში და ვარსკვლავების გამკრთალებისას!