-
1
მოახლოვდა საათი და ორად გაიპო მთვარე.
-
2
და რომც იხილონ სასწაული, სახეს აქცევენ და ამბობენ: „ეს გრძნეულებაა მუდმივი!“
-
3
ცრუდ შერაცხეს და აყვნენ თავიანთ ვნებებს, მაგრამ ყოველი საქმე გადაწყვეტილია.
-
4
და ვფიცავ, მათ მიუვიდათ ამბავნი, რომელშიც არის (საქციელის) გადათქმევინება.
-
5
(ეს აბვავნი) სიბრძნეა სრულყოფილი. ამის მიუხედავად, გაფრთხილებებმა ვერას არგო.
-
6
მაშ, სახე შეაქციე მათ. იმ დღეს მოუხმობს მხმობელი არასასურველი რამისკენ .
-
7
დაბეჩავებული მზერით გამოვლენ საფლავებიდან, როგორც მიმოფანტული კალიები.
-
8
სირბილით მივლენ მომხმობთან. ურწმუნონი იტყვიან: „ეს მძიმე დღეაო!“
-
9
როგორც მათ უწინ ცრუდ შერაცხა ნუჰის ხალხმა, ამგვარად ცრუდ შერაცხეს ჩვენი მსახური და თქვეს: „შეშლილიაო“ და ხელი შეუშალეს.
-
10
მაშინ შეჰღაღადა თავის ღმერთს: „უეჭველად, მე ძლეული ვარ. მაშ, შემეწიე!“
-
11
ამიტომაც ჩვენ გავხსენით ზეცის კარები მოჩხრიალე წყლით.
-
12
და ამოვხეთქეთ მიწა ნაკადულებად, წყლები შეიყარნენ იმ საქმისთვის, რომელიც წინასწარ იყო გადაწყვეტილი.
-
13
და ჩვენ გადავიყვანეთ იგი ძელებითა და ლურსმნებით შეჭედილით.
-
14
დაცურავდა ჩვენი მფარველობის ქვეშ ჯილდოდ იმისთვის, რომელიც უარყვეს.
-
15
და ვფიცავ, ჩვენ დავტოვეთ იგი სასწაულად. მიუხედავად ამისა, განა არის ვინმე, ვინც შეიგონებს?
-
16
მაშ, როგორი იყო ჩემი სასჯელი და შეგონებანი?!
-
17
და ვფიცავ, ჩვენ გავაიოლეთ ყურანი შეგონებისთვის. მიუხედავად ამისა, განა არის ვინმე, ვინც შეიგონებს?
-
18
ცრუდ შერაცხეს ადიელებმა . მაშ, როგორი იყო ჩემი სასჯელი და შეგონებანი?!
-
19
უეჭველად, ჩვენ მოვავლინეთ მათზე სუსხიანი ქარიშხალი იმ ავბედით ხანგძლივ დღეს.
-
20
იგი ფხვრიდა ხალხს, თითქოს ძირფესვიანად აღმოფხვრილი პალმის ხეთა ძირკვნი.
-
21
მაშ, როგორი იყო ჩემი სასჯელი და შეგონებანი?!
-
22
და ვფიცავ, ჩვენ გავაიოლეთ ყურანი შეგონებისთვის. მიუხედავად ამისა, განა არის ვინმე, ვინც შეიგონებს?
-
23
ცრუდ შერაცხეს სემუდეველებმა შეგონებანი.
-
24
ასე თქვეს: „განა ჩვენგან რომელიმე ადამიანს უნდა გავყვეთ? მაშინ, უეჭველად, ცხად გზააბნევასა და ცდომილებაში აღმოვჩნდებით.
-
25
ნუთუ ჩვენგან მხოლოდ მასზე ზეგარდმოხდა შეხსენება? არა, იგი მატყუარა და ყოყოჩია!“
-
26
ისინი ხვალ გაიგებენ, ვინ არის მატყუარა და ყოყოჩი!
-
27
უეჭველად, ჩვენ ვართ წარმგზავნი დედალი აქლემისა გამოცდად. მაშ, უთვალთვალე მათ და მოითმინე.
-
28
და ამცნე მათ, რომ წყალი განაწილებულია მათ შორის ყოველი დალევისთვის. ვისი ჯერიცაა, მზად შეიქმნება.
-
29
ცოტა ხნის შემდეგ უხმეს თავიანთ მეგობარს. მაშინ მან იშიშვლა ხმალი, ფეხებიდან მოცელა და დაამხო იგი.
-
30
მაშ, როგორი იყო ჩემი სასჯელი და შეგონებანი?!
-
31
უეჭველად, ჩვენ მოვუვლინეთ საშინელი ხმა. ამგვარად ისინი გარდაიქცნენ, როგორც თივა მოცელილი.
-
32
და ვფიცავ, ჩვენ გავაიოლეთ ყურანი შეგონებისთვის. მიუხედავად ამისა, განა არის ვინმე, ვინც შეიგონებს?
-
33
ცრუდ შერაცხეს ლუტის ხალხმა შეგონებანი.
-
34
უეჭველად, ჩვენ მოვუვლინეთ ქვების გრიგალი, გარდა ლუტის ოჯახისა. ჩვენ დავიხსენით ისინი განთიადისას,
-
35
წყალობად ჩვენი წიაღიდან. ასე მივუზღავთ, ვინც მადლიერია.
-
36
და ვფიცავ, ისინი შეაგონა მკაცრი სასჯელის თაობაზე, მაგრამ ეჭვით შეხვდნენ შეგონებანს!
-
37
და ვფიცავ, თვალი ჩამოდვეს მის სტუმრებს, თვალის ჩინი წავართვით მათ. მაშ, იგემეთ ჩემი სასჯელი და შეგონებანი ჩემი!
-
38
და ვფიცავ, დილაუთენია დაატყდათ დაუცხრომელი სასჯელი.
-
39
მაშ, იგემეთ ჩემი სასჯელი და შეგონებანი ჩემი!
-
40
და ვფიცავ, ჩვენ გავაიოლეთ ყურანი შეგონებისთვის. მიუხედავად ამისა, განა არის ვინმე, ვინც შეიგონებს?
-
41
და ვფიცავ, მივიდა ფარაონის სახლეულთან შეგონებანი!
-
42
მათ ცრუდ ჩათვალეს ჩვენი სასწაულნი ერთბაშად, ამიტომაც შევიპყარით ისინი ძლევამოსილისა, ყოვლისშემძლის შეპყრობით.
-
43
განა თქვენი ურწმუნონი უკეთესნი არიან იმათზე ? ან იქნებ თქვენ ხელშეუხებლობის პირობა გებოძათ, წერილთა თანახმად?
-
44
ან ამბობენ: „ჩვენ ერთსულოვანი ვართ და ჩვენ ღირსნი ვართ გამარჯვების.“
-
45
სულ მალე დამარცხდება ეს ჯგუფი და უკუიქცევიან!
-
46
არა, ჟამი მათი აღთქმული დროა და ეს ჟამი მრისხანე და შემაძრწუნებელია!
-
47
უეჭველად, ცოდვილნი ცხად გზააბნევასა და ცდომილებაში აღმოჩნდებიან.
-
48
იმ დღეს პირქვე დამხობილნი გაირეკებიან ცეცხლში. იგემეთ შეხება ჯოჯოხეთის!
-
49
უეჭველად, შევქმენით ყოველი თავისი ბედისწერით.
-
50
და ჩვენი ბრძანება მხოლოდ ერთია, ისეთივე, როგორც თვალის დახამხამება .
-
51
და ვფიცავ, გავანადგურეთ თქვენი მსგავსნი. მიუხედავად ამისა, განა არის ვინმე, ვინც შეიგონებს?
-
52
და ყოველივე, რაც ქმნეს, დაცულ წიგნშია,
-
53
და ყველაფერი მცირე და დიდი აღნუსხულია.
-
54
ღვთისმოშიშნი კი, უეჭველად, ბაღებში და მდინარეებში იქნებიან,
-
55
ძლევამოსილ მბრძანებელთან, ჭეშმარიტების სამყოფელში.