-
1
რაოდენ დიადია იგი, რომლის ხელთაცაა მეუფება და რომელსაც ძალუძს ყველაფერი!
-
2
რომელმაც გააჩინა სიკვდილი და სიცოცხლე, რათა გამოეცადეთ თქვენში რომელი უფრო უკეთესია საქმით. უეჭველად, იგი ძლევამოსილია, შემნდობია!
-
3
რომელმაც გააჩინა შვიდი ზეცა სართულებად. ვერ იხილავ მოწყალის გაჩენილში ვერავითარ შეუსაბამობას. მაშ, აღაპყარი მზერა, განა ხედავ ღიობს?
-
4
შემდეგ კვლავ აღაპყარი მზერა და მზერა დაბრუნდება შენთან გაოცებული და დამცირებული.
-
5
და ვფიცავ, შევამკეთ უახლოესი ზეცა მანათობლებით და დავადგინეთ იგი ჩასაქოლად ეშმაკთათვის და გავამზადეთ მათთვის სასჯელი აალებული ცეცხლის.
-
6
ხოლო იმათთვის, რომელთაც უარყვეს თავიანთი ღმერთი, სასჯელი ჯოჯოხეთის. და რა საზარელი ფინიშია!
-
7
როცა ჩაგდებულ იქნებიან მასში, შემოესმებათ მისი დუღილის საშინელი ხმა,
-
8
სადაცაა გასკდეს მძვინვარებისგან. ყოველჯერზე, როცა ყრიან მასში ჯგუფებს, ეკითხებიან მათ მისი მცველები: განა არ მოსულა თქვენთან შემგონებელი?
-
9
პასუხობენ: დიახ, მოგვევლინა შემგონებელი, მაგრამ ცრუდ შევრაცხეთ და ვუთხარით: „არ გარდმოუვლენია ალლაჰს არაფერი, თქვენ მხოლოდ დიდ გზააბნევაში ხართ“.
-
10
და კიდევ ამბობენ: „რომ ვყოფილიყავით შემსმენნი და მოგვეხმო გონებისთვის, არ ვიქნებოდით ცეცხლის ბინადარნი“.
-
11
ამგვარად, აღიარეს თავიანთი ცოდვები. დაე, მოიშთონ ცეცხლის ბინადარნი!
-
12
უეჭველად, რომელნიც შიშობენ თავიანთი ღმერთისგან უხილავად, სწორედ, მათთვისაა მიტევება და საზღაური დიდი .
-
13
ჩუმად იტყვით სიტყვას თუ დაფარულად, უეჭველად, მცოდნეა იგი გულთა ნადებისა!
-
14
განა არ უწყის გამჩენი (თავის გაჩენილს)? მაშინ, როცა ყოვლისჩამწვდომი, ყოვლისშემცნობია იგი.
-
15
იგია, რომელმაც დაადგინა თქვენთვის დედამიწა მორჩილად. დაე, იარეთ მის ზურგზე, რამეთუ მასთანაა აღდგომა.
-
16
ნუთუ უსაფრთხოდ გრძნობთ თავს, რომ ვინც ზეცაშია არ მოგაქცევთ მიწის ქვეშ, მაშინ როცა ინძრევა?
-
17
ნუთუ უსაფრთხოდ გრძნობთ თავს, რომ ვინც ზეცაშია მოავლინოს თქვენზე ქვების გრიგალი? სულ მალე გაიგებთ, როგორია ჩემი შეგონება.
-
18
და ვფიცავ, ცრუდ შერაცხეს, რომელნიც იყვნენ მათ უწინ, მაშინ როგორი იყო ჩემი სასჯელი?!
-
19
ნუთუ მათ არ უნახავთ ჩიტები მათ ზემოთ როგორ შლიან და კეცავენ ფრთებს? არავინ აკავებს მათ, გარდა მოწყალისა. უეჭველად, იგი ყოვლისმჭვრეტელია.
-
20
განა არის ვინმე, რომელსაც თქვენთვის ჰყავს ლაშქარი, რომელიც შეგეწევათ თქვენ, მაგიერ მოწყალისა? ურწმუნონი მხოლოდ ცდუნებაში იმყოფებიან!
-
21
განა არის ვინმე, რომელიც თქვენ გაძლევთ სარჩოს, თუკი შეაკავა მისი სარჩო? არა, ისინი დაჟინებით აგრძელებენ ურჩობასა და უარყოფას.
-
22
მაშ, ვინც მიდის ფორთხვით პირქვედამხობილი, უფრო სწორ გზას ადგას, თუ ის, ვინც მიდის გამართული სწორ გზაზე?
-
23
თქვი: იგია, რომელმაც თქვენ გაგაჩინათ და გიბოძათ ყურთასმენა, თვალთახედვა და შემეცნების უნარი. რაოდენ მცირეა თქვენი მადლიერება?!
-
24
თქვი: იგია, რომელმაც გაგაჩინათ დედამიწაზე და მასთან იქნებით მიბრუნებულნი!
-
25
და ისინი ამბობენ: როდისღაა ეს აღთქმა , თუ ხართ მართალნი?
-
26
უთხარი: „ამის ცოდნა მხოლოდ ალლაჰის წიაღშია, მე კი მხოლოდ ცხადი შემგონებელი ვარ“!
-
27
და როცა დაინახეს იგი ახლოდან, გაშავდა სახენი მათი, რომელთაც უარყვეს და მათ უთხრეს: ეს არის ის, რასაც უხმობდით.
-
28
უთხარი: რას ფიქრობთ, თუ დამღუპავს ალლაჰი და იმათ, ვინც ჩემთანაა ან შეგვიწყალებს, მაშინ ვინ დაიცავს ურწმუნოთ მწარე სასჯელისგან ?
-
29
თქვი: იგი მოწყალეა, ვირწმუნეთ მისი და მივენდეთ მას. სულ მალე გაიგებთ ვინ არის აშკარა ცდომილებაში.
-
30
უთხარი: რას ფიქრობთ, თუ თქვენ წყალს შთანთქავს მიწა, მაშინ ვინ მოვა თქვენთან წყაროს წყლით?